ბადურის აშრევება

ბადურის აშრევება – პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ბადურა სცილდება თვალის სისხლძარღვოვან გარსს.

განასხვავებენ ბადურის პირველად და მეორად აშრევებას. ბადურის პირველადი აშრევება წარმოადგენს ახლომხედველობის შედეგად ასაკობრივი ხასიათის ცვლილებას; მეორადი აშრევება ვითარდება ანთებითი დაავადებების და გამჭოლი ჭრილობების, მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, ორსულთა ტოქსიკოზის, არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტური რეტინოპათიის, ასევე დაცემის, თავის ტრავმის, სიმძიმეების მკვეთრად აწევის დროს.

პათოგენეზი

მკვეთრი მოძრაობების, ფიზიკური დაძაბულობების, თვალის გაჭყლეტისას დეგენერაციულად შეცვლილ ბადურაში შესაძლებელია წარმოიქმნას დეფექტები, რომლის გავლითაც სითხე მინისებური სხეულიდან აღწევს სუბრეტინულ სივრცეში. ამის შედეგად, ასევე ბადურის გაჭიმვის გამო, ხდება მისი აშრევება. ბადურის პიგმენტური ფურცელი რჩება ბადურის ადგილზე.

სიმპტომები

მხედველობის უეცარი გაუარესება, ,,შავი ღრუბლის” წარმოქმნა მხედველობის ველის ნაწილის გამოთიშვის გამო. ოფთალმოსკოპიით ბადურის აშრევებულ ნაწილი არის მორუხო ან მორუხო – მოცისფერო და გამოდის მინისებურ სხეულში შედარებით ბრტყელი ან გამობერილი წარმონაქმნის სახით. მისი ზედაპირი უსწორმასწოროა; ამ უბანზე სისხლძარღვები დაკლაკნილია და გააჩნიათ შედარებით მუქი ფერი. უმრავლეს შემთხვევაში აშრევების უბანში ჩანს გაგლეჯა სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის წითელი ლაქების სახით. გაგლეჯა ხშირად ლოკალიზებულია თვალის ფსკერის ზედა გარეთა კვადრანტში. ბადურაში კვების მოშლა იწვევს მის შემდგომ დეგენერაციასა და მხედველობის შემდგომ დაქვეითებას სიბრმავემდე.

მკურნალობა

ქირურგიულია; პირველადი აშრევების შემდეგ ადრეულ სტადიებში ჩატარებული ოპერაცია ხშირად მთავრდება კეთილსაიმედოდ.

_____________________________________

..