ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება – სიდრომების ჯგუფი, რომლებიც გაპირობებულია ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორების ტრანზიტორული უკმარისობით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გვხვდება ორი ფორმით (პირველადი – К ვიტამინის დეფიციტი და მეორადი, რომელიც ვითარდება დასუსტებულ ან დღენაკლ ბავშვებში და არ წარმოადგენს К ვიტამინის მარტივი დეფიციტის შედეგს). დაავადებას საფუძვლად უდევს სისხლძარღვშიგა კოაგულაცია, რომელიც გამოწვეულია ვიტამინ – К – დამოკიდებული ფაქტორების II – VII – IX და Х აქტიურობის დაქვეითებით, თრომბოციტების რიცხვის ცვლილებისა და ერითროციტების ფრაგმენტაციის გარეშე. კლინიკური სურათი. პირველადი ფორმის დროს ჰემორაგიული სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის მე – 2 და მე – 4 დღეებს შორის, კუჭ – ნაწლავიდან და ცხვირიდან სისხლდენების, გენერალიზებული ექკიმოზების, ჰემატომების სახით. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. პროთრომბინის დრო გახანგრძლივებულია და ბავშვების უმრავლესობაში აღინიშნება II – VII – IX და Х ფაქტორების დეფიციტი V ფაქტორის ნორმალური დონის დროს. ვიტამინი К შეყვანის შემდეგ დგება სწრაფი დადებითი დინამიკა. მეორადი ფორმის დროს ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ ჰიპოქსიის ან ინფექციის ნიშნები. სისხლდენის აღნიშნულ მოვლენებთან ერთად ადგილი აქვს ტვინში, ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევას, ფილტვისმიერ სისხლდენებს და სხვ. ვლინდება სისხლის შედედების სხვადასხვაგვარი დეფექტები: პროთრომბინის დროის ზომიერი გახანგრძლივება, ასევე V და VII ფაქტორების დაბალი დონე, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, არაიშვიათად მათი ფუნქციის დარღვევით. К ვიტამინის ეფექტი დაბალია. დიაგნოზი ბაზირდება კლინიკურ მონაცემებზე და ჰემატოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე (თრომბოტესტი, II და VII ფაქტორების კომბინირებული აქტიურობის განსაზღვრა, თრომბოციტების დათვლა, ჰემოგლობინის განსაზღვრა, სისხლის ნაცხები და სხვ.). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სხვა ჰემორაგიულ დიათეზებთან. პროგნოზი პირველადი ფორმის დროს კეთილსაიმედოა, მეორადის დროს – სერიოზული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook