ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N4, დეკემბერი, 2009 წ.
პოლიკლინიკებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალისთვის პირბადეებისა და „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო პრეპარატ “ტამიფლუს” სრული მარაგი არსებობს.
ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იგი პასუხს ვერ აგებს იმაზე, თუ რა ხდება კომერციულ სტრუქტურაში, თუმცა, არსებობს სახელმწიფო მარაგი, რომლის განაწილება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხდება. როგორც კვიტაშვილმა განმარტა, ყველა პოლიკლინიკას აქვს “ტამიფლუს” და პირბადეების მარაგი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, როდესაც გამოძახებებზე მიდიან, აღნიშნული მარაგი თან დააქვთ. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობაზე “ტამიფლუს” გაცემა უშუალოდ ექიმის ნებართვით პოლიკლინიკებში ხდება. მისივე თქმით, პრეპარატი არის კომერციულ სისტემებშიც, მაგრამ მისი მიღება პრევენციის მიზნით არ შეიძლება.
კვიტაშვილის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ყველაზე მეტი – დღეში 2 200 გამოძახება გასულ პარასკევს დაფიქსირდა. გუშინ აღირიცხა სასწრაფო დახმარების გამოძახების 2 016 შემთხვევა. რაც შეეხება ეპიდემიის გამოცხადებას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ეპიდემია არ არის და მისი გამოცხადება მხოლოდ ვიღაცის სურვილის მიხედვით არ ხდება. კვიტაშვილის განმარტებით, ეპიდემია ცხადდება სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, როდესაც 100 000 ადამიანზე დაავადების 1100–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. საქართველოში კი ეს ციფრი 100 000 ადამიანზე 850-900 ადამიანს აღწევს.
საიტიდან: http://www.interpressnews.ge/ge/
Viewed 1294 times by 470 viewers


