ბეხტერევის დაავადება მაანკილოზირებელი სპონდილოართიტი

ბეხტერევის დაავადება მაანკილოზირებელი სპონდილოართიტი

ხერხემლის ქრონიკული ანთებითი დაზიანება. ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ასაკის მამაკაცები. მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების გენეტიკურად განპირობებულ დარღვევებს. სიმპტომები. ყველაზე ხშირად ზიანდება ხერხემლისა და გავა – თეძოს სახსრები. დაავადება იწყება ტკივილებით გავა – წელის მიდამოში, რაც თავიდან დაკავშირებულია ერთი და იგივე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნასთან.

ხერხემლის გულმკერდის ნაწილის დაზიანებისას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ნევრალგიის მსგავსი ტკივილები გულმკერდის მიდამოში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ავადმყოფები უჩივიან მუდმივი ხასიათის ტკივილებს ხერხემლის მიდამოში; თანდათანობით ვითარდება დარღვევები სიარულის დროს, ზურგის სწორი კუნთების დაძაბვა, შემდგომში მათი ატროფია. ხერხემალზე ხელის მსუბუქად მირტყმისას აღინიშნება მისი მტკივნეულობა.

დაავადების შემდგომი პროგრესირებისას, გვიან სტადიებზე, ტკივილის სინდრომის გაძლიერებასთან ერთად, ვითარდება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის გამოხატული კიფოზი, ზოგჯერ პირიქით, ხერხემლის ყველა ფიზიოლოგიური ნადრეკის გადასწორება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ხერხემლის ცვლილება მალთაშუა სახსრების პროგრესირებადი ანკილოზით, მალთაშუა დისკების ფიბროზული რგოლის გაძვალება; ხერხემლის სურათი მოგვაგონებს ბამბუკის ჯოხს. ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარში, ზიანდება პერიფერიული სახსრებიც, რაც ერთი შეხედვით აღნიშნულ პათოლოგიას აახლოებს რევმატოიდულ ართრიტთან.

ზოგჯერ პროცესში ერთვება სხვა ორგანოები და სისტემები (თირკმლები, გული, თვალი); შესაძლებელია განვითარდეს ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი. თირკმლისმიერი პათოლოგია ხასიათდება ნეფრიტით ან თირკმლების ამილოიდოზით. გულის დაავადება შეიძლება წარმოდგენილი იყოს მიოკარდიტით, აორტიტით, აორტული უკმარისობით, პერიკარდიტით. დაავადების გამწვავების პერიოდში, სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება და ანთებითი მოვლენების სხვა ნიშნები. შრატში რევმატოიდული ფაქტორი არ გვხვდება.


.