გამელოტება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამელოტება – (ალოპეცია) (კანისა და ვენ. დაავ.) თმების გამეჩხერება და ცვენა. ჩვეულებრივ ვითარდება სებორეის, ნერვული გადაძაბვის, ენდოკრინული აპარატის ფუნქციური დარღვევის და ა.შ. დროს. განასხვავებენ გამელოტების რამდენიმე სახეს. ადრეული გამელოტება ვითარდება სებორეის ფონზე, განსაკუთრებით თუკი აღინიშნება სებორეული დერმატიტი. ასეთ ავადმყოფებს, 20 წლის ასაკში, ეწყებათ თმების ცვენა, შემდეგ ხდება მათი ხელახალი გაზრდა, თუმცა ყოველი გამოცვლის შემდეგ თმები უფრო და უფრო წვრილდებიან, გადაიქცევიან ღინღლებად და შემდეგ საერთოდ ქრებიან. დაავადების ასეთი ფორმა აღენიშნებათ მხოლოდ მამაკაცებს; ქალებში ხდება თმების გამეჩხერება და განლევა. დაავადება იწყება შუბლ – თხემის მიდამოდან და კეფიდან. სიმპტომური დაავადებები ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებების – (ქუნთრუშა, მალარია, გრიპი და სხ.) შედეგად; ამასთან ერთად თმების ცვენა შეიძლება განვითარდეს მწვავედ და გამოიწვიოს მისი მნიშვნელოვანი გამეჩხერება. ბუდისებრი სიქაჩლე ვითარდება მძიმე განცდების, თავის ტრამვების, მწვავე ინფექციური დავადებების, ენდოკრინული დარღვევების და სხ, შედეგად. გამელოტება უეცრად იწყება მცირე ზომის, მრგვალი ფორმის სიქაჩლის კერების გაჩედნით, რომლებიც თანდათანობით იზრდებიან და დიამეტრით აღწევენ 10 სმ – ს. ერწყმიან რა ერთმანეთთს, ისინი წარმოქმნიან გამელოტების მსხვილ კერებს კუწუბისებური მოხაზულობით. კანი გამელოტებულ უბანზე ნორმალური შეფერილობის ან ოდნავ მოვარდისფროა. თმები, ზრდის პერიოდში, გამელოტების კერის კიდეებზე ადვილად სცილდება, მათი ფესვი განლეული ხდება. რამდენიმე თვის – (ან წლის) შემდეგ გამელოტების კერებზე იწყებს ზრდას თავდაპირელად ღინღლი, შემდეგ კი ნორმალური თმა. ზოგჯერ დასაწყისში თმები ჭაღარაა და შემდეგ განიცდიან პიგმენტირებას. ზოგ შემთხვევაში ვითარდება სრული გამელოტება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook