ბიოგენური ამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიოგენური ამინები – პროტეინოგენური ამინები, აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის, ცხოველის, ბაქტერიისა და მცენარის ორგანიზმში წარმოიქმნებიან ამინომჟავების დეკარბოქსილირების, ე. ი. მათთვის კარბოქსილის ჯგუფის (COOH) ჩამოცილების შედეგად. ზოგი მათგანი (ადრენალინი, ნორადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი, თიამინი და სხვ.) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. ბიოგენური ამინები გავლენას ახდენენ თავის ტვინში აგზნებისა და შეკავების პროცესების მიმდინარეობაზე, მონაწილეობენ სისხლის წნევის რეგულაციაში. თავის ტვინში მათი ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება მძიმე ფსიქიკური მოშლილობა (მაგ., შიზოფრენია და სხვ.). მრავალი ბიოგენური ამინი წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავებში ლპობადი ბაქტერიების მოქმედების შედეგად და შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. მათი ბიოლოგიური ინაქტივაცია ხდება ჟანგვითი დეზამინირების (ანუ ამინოჯგუფის – NH3 ჩამოცილების გზით, სპეციალური ფერმენტების ამინოქსიდაზების ზემოქმედებით. ბიოგენური ამინების შებოჭვაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადენოზინფოსფორის მჟავებს, ნუკლეინის მჟავებსა და მაღალმოლეკულურ ნახშირწყლებს (მაგ. ჰეპარინს). თუ ბიოგენური ამინები უჯრედებში შებოჭილი არიან, მათ აქტივობა ეკარგებათ და ამინოქსიდაზების ზემოქმედებას აღარ ექვემდებარებიან. [“1”] ბიოგენური ამინები – ცოცხალ ორგანიზმებში წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ აზოტის ამინოჯგუფს – NH3 – ის სახით. ამინებს წარმოადგენენ ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა – ადრენალინი, ნორადრენალინი, ჰისტამინი, თიამინი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა