ბიოგენური ელემენტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიოგენური ელემენტები – ორგანიზმის შემადგენელ ნივთიერებათა შენებაში მონაწილე ქიმიური ელემენტები, რომლებსაც გარკვეული ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ. ძირითადი ბიოგენური ელემენტებია ჟანგბადი (შეადგენს ორგანიზმის საერთო მასის 70% – ს), ნახშირბადი (18%), წყალბადი (10%), აზოტი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, გოგირდი, ქლორი, ნატრიუმი, რკინა და სხვ. ისინი შედიან ყველა ცოცხალი ორგანიზმის შედგენილობაში, ქმნიან ორგანიზმის ძირითად მასას (საშუალოდ ორგანიზმის საერთო წონის 99,4%) და უდიდეს როლს ასრულებენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. ანალიზური ქიმიის ახალი მეთოდების გამოყენებით და სპექტრული ანალიზის საშუალებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორგანიზმის შედგენილობაში უმცირესი რაოდენობით შემავალი (ორგანიზმის წონის დაახლოებით 0,6%) ე. წ. მიკროელემენტები. მთელ რიგ ბიოგენურ ელემენტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ცოცხალი ორგანიზმებისათვის (მაგ., ბორი აუცილებელია მცენარეებისათვის, ვანადიუმი – ასციდიებისათვის და ა. შ.). გარდა ამისა, ორგანიზმში შემავალი ამა თუ იმ ელემენტის არსებობა დამოკიდებულია გარემოსა და საკვების შემადგენლობაზე, ორგანიზმის ეკოლოგიურ თავისებურებებსა და სხვა ფაქტორებზე (იხ. ცხრილი). ზოგიერთი ელემენტის უკმარისობა ორგანიზმში იწვევს ბიოგეოქიმიურ ენდემიას, მაგ., სასმელ წყალში და საკვებში იოდის უკმარისობა – ადამიანში ჩიყვის განვითარებას; ბორის ნაკლებობ – ე. წ. ჭარხლის შავლაქიანობას და სხვ. ძუძუმწოვრების ორგანიზმის შედგენილობაში მუდმივად შემავალი ელემენტები შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს: 1. შეუცვლელი ელემენტები, რომლებიც შედიან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ფერმენტები, ჰორმონები, პიგმენტები, ვიტამინები) შედგენილობაში; 2. ელემენტები, რომელთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური როლი ნაკლებად ცნობილია, და 3. ელემენტები, რომელთა როლი უცნობია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა