ბირთვის მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირთვის მემბრანა – (membrana nuclearis სინ.nucleolemma ლათ.nucleus – ბირთვი და lemma – გარსი) სინ.ბირთვის გარსი, კარიოთეკა, კარიოლემა, კარიომემბრანა. ძალიან თხელი გარსი, რომე­ლიც მიჯნავს უჯრედის ბირთვის ნივთიერებას მის გარშემო მყოფი ციტოპლაზმისაგან. იგი შედგება ორი: შიგნითა უწყვეტი და გარეთა ფორებიანი ფურცლისაგან, რომელთა შორის არის პერინუკლეური სივრცე . მემბრანის ფურცლების სისქე 60 – 90 Ao – ის ტოლია. მათგან შიგნითა რამდენადმე უფრო სქელია. პერინუკლეური სივრცის განივკვეთი 100 – 200 Ao – მდე ზომისაა 1000 Ao – მდე ცვალებადობით. ამრიგად, მთელი ბირთვის მემბრანის სისქე, რადგან ის არამუდმივი სიდიდეა, დაახ­ლოებით 200 – 300 Ao – ს უდრის. ზოგ ადგილას მემბრანის ორივე ფურცელი ერთმანეთს შეეზრდება და ქმნის შეღწევად ან დახურულ ფორებს, რომელთა დიამეტრი 400 Ao – ია. მემბრანის გარეთა და შიგნითა ფურცლების მთავარი ქიმიური კომპონენტებია პროტეინები და ლიპი­დები. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, შიგნითა ფურცელი არეგუ­ლირებს ნივთიერებების გადასვლას ბირთვიდან ციტოპლაზმაში და პირიქით, განაპირობებს რა ბირთვის მემბრანის შეღწევადობას, გარეთა ფურცელი კი საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მრავალი ავტორი ბირთვის მემბრანის გარეთა ფურცელს განიხილავს როგორც ენდოპლაზმური ბადის წარმოებულს. მიტოზის დროს ბირთვის მემბრანა გადაიქცევა ენდოპლაზმური ბადის ელემენტად. მიტოზის შედეგად წარმოქმნილი შვილეული უჯრედების ახალი ბირთვის მემბრანები კი ჩამოყალიბდება აგრეთვე ენდოპლაზმური ბადის ელემენტების გარდაქმნის ხარჯზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა