ბრონქიოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრონქიოლიტი – ბრონქიოლების მწვავე ანთება; განიხილება როგორც მწვავე ბრონქიტის მძიმე ფორმა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ჩვეულებრივ ვირუსები (გრიპოზული, რესპირატორულ – სინციტიალური) ან ვირუსულ – ბაქტერიული ინფექციები. შესაძლოა განვითარდეს გამაღიზიანებელი აირების, ძალიან ცივი ჰაერის შესუნთქვით. ბრონქიოლების ანთება მათი გამტარობის დარღვევით იწვევს გაზთა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისი მწვავეა ან ვითარდება ტრაქეობრონქიტის ფონზე. დამახასიათებელია ცხელება – (38 – 390 С); გამოხატული ქოშინი, ზედაპირული სუნთქვა დამხმარე მუსკულატურის მონაწილებით. გულმკერდი ფიქსირებულია ჩასუნთქვის მდგომარეობაში, აწეული მხრის სარტყლით. სახე შებიჟვინებული, ციანოზურია. აღინიშნება მტანჯველი ხველა მცირედი ლორწოვანი ნახველით, ტკივილი გულმკერდში კუნთების გადაძაბვის გამო და დიაფრაგმის შეკუშვა ხველის დროს; პერკუტორული ხმიანობა კოლოფისებური ელფერით, სუნთქვა შესუსტებული ან მკვრივია, მოისმინება უხვი წვრილბუშტუკოვანი მსტვინავი ხიხინები ამოსუნთქვის დროს. მატულობს ობსტრუქციული ემფიზემის სიმპტომები. სუნთქვის გამოხატულ უკმარისობას ერთვის ფილტვისმიერი და ინტრაკარდიალური ჰემოდინამიკის დარღვევები ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის გაძლიერება ქვედა ნაწილებში და ფილტვის ფესვების მიდამოში. აღინიშნება ლეიკოციტოზი, ედსის მომატება. მიმდინარეობა ძალზე მძიმეა, დაავადების ხანგრძლივობაა 5 – 6 კვირა. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მილიარულ ტუბერკულოზთან, პნევმონიასთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა