ბუშტნამქერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუშტნამქერი – ქორიონის თავისებური ცვლილება, რომელიც გამოიხატება ხაოების ზომების მკვეთრი ზრდითა და ბუშტუკისებრი გაფართოებების წარმოქმნით. ბუშტნამქერმა შესაძლებელია მოიცვას მთელი ქორიონი (სრული ბუშტნამქერი) ან მისი ნაწილი (ნაწილობრივი ბუშტნამქერი). ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ, ჰორმონულ, გენეტიკურ გენეზს. ვლინდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. მენსტრუაციის შეჩერება 2 – 3 თვით და მეტად, რომლის ფონზეც ვლინდება სისხლიანი გამონადენი, რაც გამოწვეულია ნამქერის ბუშტუკების მოცილებით. დამახასიათებელია საშვილოსნოს ზომების შეუსაბამობა ორსულობის ვადასთან (საშვილოსნოს ზომები მეტია). საშვილოსნო ღებულობს მკვრივ – ელასტიკურ კონსისტენციას. საშვილოსნოს ზომების გადიდების დროს, რაც შეესაბამება ორსულობის 20 კვირაზე მეტ ვადას, საშვილოსნოში ნაყოფის არსებობის დადგენა ვერ ხერხდება ელექტრო – , ფონო – და რენტგენოგრაფიითაც კი. ავადმყოფთა 30 – 40% – ს აღენიშნებათ საკვერცხის თეკალუთეინური ცისტები, რომლებიც ნამქერის დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ქრებიან და ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას. სახიფათოა ქორიონეპითელიომის შემდგომი განვითარება. ორსულობაზე ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები მკვეთრად დადებითია. დიაგნოზი დაავადების დასაწყისში არაიშვიათად მცდარია. მის დასაზუსტებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება (სპონტანურ) აბორტთან, მრავალნაყოფიან ორსულობასთან, წყალუხვობასთან და საშვილოსნოს მიომასთან. მკურნალობა – საშვილოსნოდან ბუშტნამქერის დაუყონებლივი გამოდევნება. ამისათვის იყენებენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმ – ასპირაციას, სამშობიარო მოქმედების მედიკამენტოზურ გამოწვევას და საკეისრო კვეთას (საშვილოსნოს დიდი ზომების დროს). ქორიონული ეპითელის მნიშვნელოვანი ეპითელიზაციის დროს ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატები. პროგნოზი სერიოზულია; ბუშტნამქერის მოცილების შემდეგ საჭიროა დაკვირვება ქალთა კონსულტაციაში 2 წლის განმავლობაში. ბუშტნამქერი – ქორიონის ხაოების განვითარების ანომალია, რო­დესაც ხაოების ტოტები დეგენერაციულად იცვლება, იზრდება და გარდაიქმნება სხვადასხვა ოდენობის ბუშტუკების მტევნად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ბუშტნამქერი – (მეან.) სანაყოფე კვერცხის დაავადება, რომლის დროს ქორიონის ხაოები გარდაიქმნებიან გამჭვირვალე შიგთავსით სავსე ბუშტუკებად. ბუშტუკებს გააჩნიათ განსხვავებული სიდიდე – ფეტვის მარცვლიდან ალუბლის ზომამდე. ბუშტის ნამქერი არის სრული ან ნაწილობრივი: სრული – ხასიათდება ხაოების გადასხვაფერებით სანაყოფე კვერცხის მთელ პერიფერიაზე, ნაწოლობრივის დროს (რომელიც ვითარდება ორსულობის უფრო გვიან ვადებში) ბუშტუკებად გარდაიქმნება მხოლოდ ხაოების ნაწილი. სრული ბუშტუკოვანი ნამქერის დროს ნაყოფი ყოველთვის იღუპება, ნაწილობრივის დროს ასევე უხშირესად იღუპება. მხოლოდ პლაცენტის ძალიან მცირე უბნის გადაგვარების შემთხვევაში, ნაყოფი ცოცხალი რჩება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ბუშტის ნამქერის დროს აღინიშნება შეუსაბამობა ორსულობის ვადებსა და საშვილოსნოს ზომებს შორის, თუმცა აღნიშნული სიმპტომი ყოველთვის არ ვითარდება. საშვილოსნო ჩვეულებრივ გაცილებით დიდია, ვიდრე ეს უნდა იყოს მენსტრუაციის დროებით შეწყვეტის დროიდან გამომდინარე – (8 – 9 კვირის ორსულობის დროს, ბუშტის ნამქერის შემთხვევაში, საშვილოსნოს გააჩნია 14 – 16 კვირის ორსული საშვილოსნოს ზომები). საშვილოსნო ზოგჯერ მჭიდროდელასტიური კონსისტენციისაა, ზოგჯერ – რბილი, შემჭიდროებული. ორსულობის დამადასტურებელი ნიშნები არ აღინიშნება. საშვილოსნოდან სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა – მნიშვნელოვანი სიმპტომი. ზოგჯერ სისხლთან ერთად გამოიყოფა ნამქერის ბუშტუკები (დაავადების აბსოლუტური ნიშანი). დამახასიათებელია ორსულთა გამოხატული ტოქსიკოზი (ღებინებები, შეშუპებები). ხშირად ბუშტის ნამქერი იბადება დამოუკიდებლად V – VI თვეზე, ზოგჯერ ხდება მისი შეფერხება ორსულობის X თვემდე. ბუშტნამქერის დესტრუქციული ფორმის დროს (ხდება მისი ბუშტუკების ჩაზრდა საშვილოსნოს კუნთოვან შრეში, აგრეთვე მუცლის ღრუში მოხვედრა) შესაძლებელია მასიური სისხლდენების განვითარებაც. დიაგნოზის დასმა ხდება ზემოთჩამოთვლილი ნიშნების საფუძველზე. დამატებით მეთოდს წარმოადგენს აშჰეიმ – ცონდეკის რეაქცია, იმუნოლოგიური რეაქცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა