გაყინვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაყინვა – სიცივის ადგილობრივი მოქმედებით გამოწვეული ქსოვილთა დაზიანება. საერთო გადაცივება წარმოიქმნება ორგანიზმზე სიცივის ზემოქმედებით დიდი ხნის განმავლობაში. სიმპტომები. გაცივების, შემცივნების შეგრძნება. კანის საფარველი ფერმკრთალია, კანი კარგავს ელასტიურობას, ხდება მშრალი და ხორკლიანი (,,ბატის კანი”). სხეულის 350 C ტემპერატურის დროს ვლინდება სახის სიფერმკრთალე, ციანოზი, ტკივილი მუხლებში, ტერფებში, სასქესო ორგანოებში, წარმოიქმნება გასტროენტერიტული სინდრომი. მოშარდვა მტკივნეულია, აღინიშნება პოლიურია. გუნებ – განწყობა უარესდება, ვლინდება აპათია, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა, მხედველობის დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰალუცინაციები. გამოყოფენ ზოგადი გადაცივების 4 ფაზას. პირველ ფაზაში სხეულის ტემპერატურა დაქვეითებული არ არის პერიფერიული ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე. მეორე ფაზაში ტემპერატურა ქვეითდება 1 – 2 გრადუსით. კანის საფარველი ფერმკრთალია, ცივი. სიცივე შეიგრძნობა როგორც ტკივილი. თავდაპირველად შესაძლებელია არტერიული წნევის მსუბუქი მომატება და ტაქიკარდია, გონება ნათელია, შესაძლებელია მსუბუქი აგზნება, რეფლექსები ცოცხალია. მესამე ფაზაში სხეულის ტემპერატურა 34 – დან 27 გრადუსამდეა. ტკივილის შეგრძნება მცირდება ანესთეზიამდე, გონება დაბინდულია, რეფლექსები შესუსტებულია, სუნთქვის წუთმოცულობა დაქვეითებულია. სხეულის ტემპერატურის დროს 30 გრადუსამდე გულის შეკუმშვები რეგულარულია, აღინიშნება ბრადიკარდია, ტემპერატურის შემდგომი დაქვეითებისას ვლინდება არითმია და გულის დეკომპენსაციის ნიშნები. მეოთხე ფაზაში სხეულის 270 C ტემპერატურაზე ქვევით, წარმოიქმნება ,,მოჩვენებითი სიკვდილის” სურათი. სუნთქვა, პულსი და არტერიული წნევა ოდნავ შესამჩნევია. რეფლექსების გამოწვევა ვერ ხერხდება. ტემპერატურის დაქვეითებისას 240 C – ზე ქვევით ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები. სიკვდილის მიზეზია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, განსაკუთრებით ვაზომოტორული და სუნთქვითი ცენტრებისა. მკურნალობის დაწყება ხდება დაუყონებლივ; რაც მეტია ინტერვალი სიცივის ტრავმასა და გათბობას შორის, მით მძიმეა შედეგები. საჭიროა ავადმყოფის მოვათავსოთ თბილ შენობაში, გავხადოთ ცივი თეთრეული და შევახვიოთ გამთბარ პლედში. ავადმყოფს ეძლევა ცხელი სასმელი, ინტრავენურად შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან 5% – იანი გლუკოზა; ოყნა თბილი წყლით. სწრაფი გათბობა შესაძლებელია თბილ აბაზანაში. სხეულის ტემპერატურის მიღწევისას 33 – 35 გრადუსამდე აბაზანაში გათბობა უნდა შეწყდეს. ერთდროულად ტარდება ბრძოლა აციდოზთან, ჰიპოვოლემიასთან და ჰიპოქსიასთან. პროგნოზი რჩება სერიოზული, შესაძლებელია გართულებები გულისა და სისხლმიმოქცევის სისტემის მხრივ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა