გენერალიზებული პაროდონტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გენერალიზებული პაროდონტიტი – ეტიოლოგია. კბილის რბილი ნადები, ოკლუზიური ტრავმა, კბილის ქვა და მოუვლელი პირის ღრუ. არაიშვიათად ვითარდება როგორც გინგივიტის ქრონიკული ფორმის გართულება. პათოგენეზი. წარმოიქმნება რეაქცია კბილის რბილ ნადებზე, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ვრცელდება ღრძილებიდან ქვემდებარე ქსოვილებზე; ამას ხელს უწყობს იმუნიტეტის დასუსტება. ართულებს თანდაყოლილი და მეორადი დაავადებები უჯრედული იმუნიტეტის გამოხატული დარღვევებით, მაგალითად ჰემობლასტოზები, შიდსი და სხვ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ღრძილების ჰიპერემია და შეშუპება; კბილ-ღრძილის ღარის დაზიანება, კბილ-ღრძილის ჯიბეების წარმოქმნა, ჩალაგებები. ანთებითი პროცესის გამოხატულების მიხედვით ვლინდება ღეჭვის ფუნქციის დარღვევები, კბილების გადანაცვლება, მათი პათოლოგიური მოძრაობა, ტრავმული არტიკულაცია. რეტგენოლოგიურად  –  კბილთაშუა ძგიდეების დესტრუქცია ალვეოლური  მორჩის ფუძისა და ყბის სხეულის დაზიანების გარეშე. პერიოდული გამწვავებები მიმდინარეობს პაროდონტული აბსცესების წარმოქმნითა და ზოგადი დარღვევების გამოხატულებით (სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ლეიკოციტოზი, ედსის მომატება). მკურნალობა კომპლექსურია, აუცილებელია კიურეტაჟი; საჭიროა ქირურგიული, იშვიათად არაოპერაციული ლიკვიდაცია კბილ-ღრძილის ჯიბეებისა. მწვავე მიმდინარეობისა და გამწვავებების დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები; ქრონიკული მიმდინარეობის დროს – მეტრონიდაზოლი. პროგნოზი. რაციონალური მკურნალობითა და პირის ღრუს სისტემატული მოვლის შედეგად შესაძლებელია რემისია. მკურნალობის ჩაუტარებლობის დროს – ძვლოვანი პაროდონტის სრული დესტრუქცია და კბილების დაკარგვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა