დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია)

დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია)

იოგების, კუთების, მყესებისა და სხვა ქსოვილების დაზიანება მათი ანატომიური მთლიანობის დარღვევის გარეშე. ხშირად აღინიშნება ტერფ – წვივის ან მუხლის სახსრის იოგების დაჭიმულობა. დაჭიმულობის დროს პათოლოგანატომიური ცლილებები ვლინდება იოგების ცალკეული ბოჭკოების გაგლეჯვითა და სისხლჩაქცევით. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ტკივილი სახსარში მოძრაობის დროს, შეშუპება.

დიაგნოზის დადგენა ხდება პალპაციისას ლოკალური მტკივნეულობით, სისხლჩაქცევის მიხედვით, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ტრავმიდან 2 – 3 დღის შემდეგ.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება იოგის სრულ გაგლეჯვასთან. გაგლეჯვის დროს აღინიშნება შედარებით ძლიერი ტკივილი, კიდურზე დაყრდნობის შეუძლებლობა, არაიშვიათად – ჰემართროზი. დაჭიმულობის ყველა მოვლენა გაივლის 5 – 10 დღეში, ხოლო გაგლეჯვის დროს გრძელდება 3 – 4 კვირის განმავლობაში. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოგრაფიით.

მკურნალობა ამბულატორულია – სახსრის მჭიდროდ შეხვევა, მოსვენებითი მდგომარეობა, ცივი საფენები 2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სითბო. შრომისუნარიანობა აღდგება 5 – 7 დღეში; განმეორებითი დაჭიმულობის პროფილაქტიკა – მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, სპორტი.

დაჭიმულობა – (ტრავმ.) უპირატესად სახსრის იოგოვანი აპარატის დახურული დაზიანება მისი ანატომიური უწყვეტობის დაზიანების გარეშე, რომელიც ვითარდება მოძრაობის შედეგად, რომელიც არ არის დამახასიათებელი მოცემული სახსრისათვის ან აღემატება ნორმალურს ძალითა და მიმართულებით. კლინიკურად ვლინდება სახსრის მოცულობის გადიდებით, რაც განპირობებულია სისხლჩაქცევებით პარაარტიკულურ ქსოვილში და მისი ფუნქციის მოშლით. დაჭიმვას შესაძლოა თან ახლდეს ჰემართროზი.


.

Share this...Share on Facebook
Facebook