დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა)

დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) – პოლიმერული ნივ­თიერება, რომელიც შედის უჯრედის ბირთვის ქრომატინის შემადგენ­ლობაში. დნმ ქრომოსომების მთავარი კომპონენტია. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის მიხედვით, დნმ – ის მაკრომოლეკულებს პარა­ლელურად შეწყვილებული და სპირალურად დახვეული ორი ძაფის სახე აქვს, რომელთაგან თითოეული შედგება ერთმანეთის მონაცვლე დე­ზოქსირიბოზისა და ფოსფატური ნარჩენების ჯაჭვისაგან. ეს ძაფები შეერთებულია ხარიხებით, რომლებიც შეიცავენ აზოტოვან ფუძეებს (თიმინს, ციტოზინს, ადენინსა და გუანინს).

თითოეული ასეთი ხარიხა შედგება ერთი წყვილი აზოტოვანი ფუძისაგან, სახელდობრ: თიმინისა და ადენინის, ან ციტოზინისა და გუანინისაგან, რომლებიც შეკავშირე­ბული არიან სუსტი წყალბადოვანი კავშირით. კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში ამ შეუღლებულ აზოტოვან ფუძეებს შორის იქმნება დნმ – ის ორი სიგრძივი ნახევარი. ამ უკანასკნელებმა შეიძლება შეასრულონ მატრიცების როლი, შეიერთებენ რა თავისუფალ ნუკლეოტიდებს ისე­თივე წესით, როგორითაც დნმ – ის საწყის მოლეკულაში. ამის მეოხებით ხორციელდება დნმ – ის მოლეკულების რედუპლიკაცია.

დნმ – ის რაოდე­ნობა მოცემული სახეობის უჯრედების ბირთვებში მეტ – ნაკლებად მუდ­მივია. დნმ პასუხისმგებელია მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცე­მაზე. ის უჯრედების მემკვიდრეობის მატერიალური სუბსტრატია. გე­ნეტიკურ კოდს საფუძვლად უდევს აზოტოვანი ფუძეების მონაცვლეობა დნმ – ის მოლეკულაში (იხ. გენები, ქრომოსომები, უჯრედის მემკვიდ­რეობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ჰისტოლოგიურ პრეპა­რა­­ტებზე დნმ – ის შემცველი სტრუქტურები იძლევა ფელგენის სპეცი­ფიკურ რეაქციას და შიფის რეაქტივით მოწითალო – იისფრად იღებება. დნმ – ის ძველი სახელწოდებაა თიმონუკლეინის მჟავა, ვინაიდან პირვე­ლად ის მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) უჯრედოვანი ბირთვებიდან მიიღო მიშერმა (1869). დნმ – ის ინფორმაციულ – გენეტიკური როლი დაამტკიცეს ევერიმ და მისმა თანამშრომლებმა 1944 წელს.

(ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.