დიაფრაგმისქვეშა აბსცესი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან ჩირქმბადი ბაქტერიების გავრცელების შედეგად. ზოგჯერ დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება სხვა ანთებითი დაავადებების დროსაც (ქალის სასქესო ორგანოების ანთება, აპენდიციტი). სიმპტომები, მიმდინარეობა ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ ტიპიურია, სხვა შემთხვევებში კი, ძირითადი დაავადების სიმპტომების ფონზე, წაშლილი, გაურკვეველი. ავადმყოფების ჩივილები მრავალფეროვანი და დამახასიათებელია. ერთნი უჩივიან ტკივილებს, სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სხვები – სლოკინს, გულისრევას, ღებინებას, ქოშინს. ავადმყოფის დათვალიერებისას, ყურადღებას იქცევს გულმკერდის მარჯვენა ნახევრის სუნთქვით მოძრაობაში ჩამორჩენა, ნეკნთაშუა სივრცეების გადასწორება. პალპაციით და ზეწოლით, ქვედა ნეკნებისა და ნეკნთაშუა სივრცეების მიდამოში ვლინდება მტკივნეულობა, პერკუსიით – ღვიძლის მოყრუების გაზრდა, მისი ზედა საზღვრის მაღალი განლაგება. რენტგენოლოგიური გამოკვლევით, მარჯვნივ, აღინიშნება დიაფრაგმის მაღლა დგომა, სუნთქვითი ექსკურსიის შეზღუდვა ან არარსებობა. ზოგჯერ ვლინდება აირების დაგროვება დიაფრაგმის ქვეშ, ხოლო პლევრის ღრუს ქვედა ნაწილში – სითხისა. სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ცვალებადობს, აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი (10 000 – 20 000 1 მკლ – ში). მკურნალობა – ოპერაციული, რაც მდგომარეობს აბსცესის გახსნაში და დიაფრაგმისქვეშა სივრცის დრენირებაში. ამოთესილი მიკროფლორის მგრძნობელობის შესაბამისად ინიშნება ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები. პროფილაქტიკა. მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ ინფექციის წყაროს, დროული და ადეკვატური მკურნალობა. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ყოველგვარი ჩაპარკული (ინკაფსულირებული) ჩირქი დიაფრაგმის ქვეშ (ს.ა. აბაშიძე, ლ.ა. აბაშიძე რუსულ – ლათინურ – ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა