დისკოზი

დისკოზი

დისკოზიდეგენერაციულ – დისტროფიული პროცესი მალთაშუა დისკში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.

დისკოზის განვითარებას ხელს უწყობენ განმეორებითი ტრავმები, ჭარბი სტატიკური ან დინამიკური დატვირთვა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა. მალთაშუა დისკო თანდათანობით შრება, კარგავს ამორტიზაციას და ხდება უფრო მგრძნობიარე მექანიკური დატვირთვის მიმართ. დისკოს პერიფერიაზე არსებული  ფიბროზული რგოლი თხელდება, უჩნდება ბზარები; პულპოზური ბირთვი ინაცვლებს პერიფერიისაკენ, ფორმირდება პროტრუზია. ტრავმის ან ინტენსიური დატვირთვის დროს პროტრუზია შესაძლოა გადიდდეს, რაც იწვევს ბირთვისა და ფიბროზული რგოლის ნაწილის გამობერვას ხერხემლის არხში (დისკოს თიაქარი) და ზეწოლას ზურგის ტვინის ფესვებზე (რადიკულოპათია). დისკოს სიმაღლის შემცირების გამო  ირღვევა მამოძრავებელი სეგმენტის ფუნქციონირება,  რომელიც მოიცავს ორ მოსაზღვრე მალას; ეს მალები  ერთმანეთს უკავშირდებიან მალათშუა დისკოთი წინიდან   და უკანა მხრიდან – მალთაშუა სახსრებით, მათი გარემომცველი კუნთებითა და იოგებით; შედეგად სასახსრე მორჩები ინაცვლებენ, რაც იწვევს ამოვარდნილობას და მალების ერთმანეთის მიმართ ცდომას. მატულობს ხერხემლის მგრძნობელობა ტრავმებისა და მკვეთრი მოძრაობებისადმი, ჩქარდება  დეგენერაციული ცვლილებები. ხშირად ეს ცვლილებები ასიმპტომურია, მაგრამ რაიმე ტრავმისა ან ჭარბი დატვირთვისას იწვევენ ტკივილს ზურგის არეში.

წლებთან ერთად ხერხემლის მექანიკური სტაბილურობა აღდგება ოსტეოფიტების, კაფსულისა და დისკოს ფიბროზის, იოგების გასქელების ხარჯზე.

აღნიშნული ცვლილებებით სრულდება ხერხემალში მიმდინარე დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების კასკადი და ზოგჯერ ტკივილი ქრება სპონტანურად, თუმცა ამავდროულად შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის არხის სტენოზი.

დისკოზის კლინიკური სურათი დისკოზი შეიძლება იყოს მწვავე,  მორეციდივე და ქრონიკული. ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დისკოზის დროს აღინიშნება გამჭოლი ტკივილი ხელში, რომელიც ძლიერდება თავის მოტრიალებისა და კისრის მოძრაობისას. დიდი ზომის თიაქრის დროს აღინიშნება კიდურების პარეზი; ხშირად ტკივილი გადაეცემა მხარში, წინამხარში, მტევანში. ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის დისკოზის დროს ტკივილი გადაეცემა დუნდულოებში, ბარძაყში, წვივში, ტერფში.

შორს წასულ შემთხვევებში პარესთეზია იცვლება ჰიპერესთეზიით, და ეს უკანასკნელი – ანესთეზიით, ანუ მგრძნობელობის დაკარგვით.

დისკოზის დიაგნოსტიკა: დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

_______________________________

კომენტარი:

Gio Gotsiridze მოგესალმებით. დისკოზი ტერმინი მე ვიცი რომ არამედიცინური ტერმინია. კიდევ გააჩნია დისკოზი როგორ გულისხმობთ. ძირითადად მაგ დისკის გამოვარდნას ეძახიან. მედიცინურად დისკოფათიები იგივე პროტრუზია მოიხსეინება (დისკის გამოდრეკა) რაც ხშირ შემთხვევებში ყალიბდება პროლაფსი იგივე თიაქარი. ეს ყველაფერი ოსტეოქონდროზის შედეგია.


.