ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ უბანზე ან მის მთელ გაყოლებაზე. კლინიკური სურათი. დაავადება ხშირად ვითარდება მწვავედ ერთი წლის ასაკის შემდეგ, თუმცა არ გამოირიცხება მისი ტრანზიტორული და ქრონიკული მიმდინარეობა. კლინიკა წარმოდგენილია შემდეგი სიმპტომებით: შეშუპებები, ფიზიკური განვითარების შეფერხება, წონაში დაკლება. შეშუპებები შესაძლებელია იყოს მცირედი ან გავრცელებული, ანასარკის ტიპის. ზოგჯერ აღინიშნება ჰიპოკალციემიური კრუნჩხვები და დისტროფიის უკიდურესი ხარისხი. პლაზმის ცილის დაკარგვა მკვეთრად ამცირებს ბავშვების ზოგად წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ და განაპირობებს ინფექციური დაავადებების გახანგრძლივებულ მიმდინარეობას. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნეფროზულ სინდრომთან. განმასხვავებელი ამ შემთხვევაში არის შეუსაბამობა ჰიპოპროტეინემიასა და შარდში ცილის რაოდენობრივ შემცველობასთან. განავალში ცილის არსებობა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, მიუთითებს ექსუდაციური ენტეროპათიის არსებობაზე. მკურნალობა. სასურველია მკურნალობის რაც შეიძლება ადრეული დაწყება. პარენტერალურად შეჰყავთ ცილოვანი პრეპარატები (ალბუმინი, პლაზმა და სხვ.), ორგანული ცხიმები, გამოიყენება უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რეკომენდებულია ვიტამინები, ფერმენტები, ანაბოლური ჰორმონები და სხვ. სპეციფიკური თერაპია შუშავებული არ არის. პროგნოზი პირველადი ექსუდაციური ენტეროპათიის დროს სერიოზულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook