ტერფის ვალგუსური დეფორმაცია

ვალგუსური დეფორმაცია – ტერფის დეფორმაცია –  ტერფის დიდის თითის გადახრა თითებისაკენ; წინატერფ-ფალანგის სახსარი  დეფორმირდება, ვითარდება მკვრივი ბორცვი. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, თან ახლავს ანთება და ტკივილი. განსაკუთრებით ხშირია  30 წლის ზემოთ ქალებში. დეფორმირებული ტერფის დიდი თითი იწვევს დანარჩენი თითების გადანაცვლებას და მათ ჩაქუჩისებრ დეფორმაციას. წარმოქმნილი მკვრივი ბორცვების გამო შეუძლებელი ხდება ელეგანტური ფეხსაცმლის ტარება; ძვლოვანი წანაზარდები იწვევენ ტკივილსა და წვას, ნაადრევ დაღლასა და ძლიერ დისკომფორტს.

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია კონსერვატულ მკურნალობას ექვემდებარება მხოლოდ ადრეულ სტადიებზე და აღარ ხდება პათოლოგიის შემდგომი განვითარება. ტერფის დიდი თითის ვალგუსური დერმაციის შესაძლო მიზეზებია: მყესებისა და იოგების მემკვიდრეობითი სისუსტე, რაც კიდევ უფრო შეიძლება გაართულოს შემდეგმა ფაქტორებმა: ჭარბი წონა, ჰორმონული ცვლილებები, ართროზი, პროფესიული თავისებურებები – მუდმივი, მონოტონური დატვირთვები სახსრებზე (სპორტსმენები, ბალერინები, პარიკმახერები და სხვ.); მოუხერხებელი, არაკომფორტული, ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შაქრიანი დიაბეტი, ტერფის ტრავმები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის გამოვლენისთანავე მკურნალობის დაწყება. დაავადების საწყისი ნიშნების გამოვლენისას ნაჩვენებია კომპლექსური ორთოპედიული ღონისძიებების ჩატარება, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები. მათ შორის: ინდივიდუალური ორთოპედული ღაბაშები, ორთოპედიული მოწყობილობები – ბანდაჟები, სუპინატორები, თითებშუა ტიხრები, ფიქსატორები, სპეციალური სილიკონის საფენები, რაციონალური ქუსლი, 3-4 სმ –  ყოველდღიური ხმარებისათვის ქალებისათვის; მამაკაცებისათვის 1-2 სმ; ფართოცხვირიანი ფეხსაცმელი, სწორად შერჩეული ორთოპედიული ფეხსაცმელი.

ტერფის დიდი თითის ვალგუსური დეფრომაცია ქრონიკული დაავადებაა და  მუდმივად ან პერიოდულად გვახსენებს თავს. რეციდივების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ტერფის რეგულარული მოვლა, მდგომარეობის გაუარესებისთანავე კი დროული – კონსერვატული ან ქირურგიული მკურნალობა.

გაფრთხილება!  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი