ელექტროთერაპია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროთერაპია – (ელექტრო… და თერაპია), ელექტრობის გამოყენება სამკურნალოდ. ელექტროტექნიკის და ელექტროფიზიოლოგიის განვითარებამ, აგრეთვე მთელი რიგი მეცნიერების (გალვანი, ფარადეი, დიუშენი, დ’არსონვალი და სხვ.) აღმოჩენებმა ხელი შეუწყო ელექტროთერაპიის განვითარებას. თანამედროვე ელექტროტექნიკის მიღწევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახის ელექტროდენის გამოყენება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ. ორგანიზმის რეაქცია ელექტროდენის მოქმედებაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დენის სტრუქტურაზე, ინტენსივობაზე, მიმართულებაზე, სიხშირეზე, მოქმედების ხანგრძლივობაზე და სხვ. სხვადასხვა სახის ელექტროდენი ნეირო – ჰუმორული და ნერვულ – რეფლექსური გზით არეგულირებს ნერვული სისტემის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციებს, ნივთიერებათა ცვლას, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და სხვ. ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ელექტროთერაპია დაავადების ქვემწვავე, ზოგ შემთხვევაში კი მწვავე პერიოდშიც. ელექტროთერაპიის დროს დენი ძირითადად მოქმედებს უშუალოდ კანზე და ლორწოვან გარსზე. კანში უხვად გაფანტული ნერვული დაბოლოებები ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით სათანადო რეფლექსებს გადასცემს სხეულის სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოს. ორგანიზმში სისხლის გადანაწილებისა და სითბორეგულაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კანს. კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებათა ნაწილი ცირკულირებს სისხლისა და ლიმფის გზით და სათანადო გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე. ამჟამად ფართოდ იყენებენ ელექტროთერაპიის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გალვანიზაცია, ფარადიზაცია, დიადინამიკური ანუ ბერნარის დენით მკურნალობა, ელექტროსტიმულაცია, ინდუქტოთერმია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით მკურნალობა, დარსონვალიზაცია და სხვ. ელექტროთერაპიის მეთოდებს მიმართავენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მედიცინის თითქმის ყველა დარგში. ელექტროთერაპიის გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად. მ. ნოდია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა