ელექტრონული მიკროსკოპი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტრონული მიკროსკოპი – სხვადასხვა ობიექტის რამდენიმე ასეულ ათასჯერ გასადიდებელი საკვლევი ხელსაწყო, რომელშიც გამოსახულება მიიღება სწრაფად მოძრავ ელექტრონთა კონების მეშვეობით, ხოლო მათი გარდატეხისა და დაფოკუსირებისათვის გამოყენებულია მაგნიტური (ელექტრომაგნიტური) ან ელექტროსტატიკური ლინზები. გამოსაკვლევი ობიექტი განაბნევს, არეკლავს და შთანთქავს ელექტრონებს. სწრაფად მოძრავ ელექტრონთა კონებში ობიექტების გამოსაკვლევად იყენებენ გაშუქების ელექტრონულ მიკროსკოპს, რომელსაც სხვა ტიპის ელექტრონულ მიკროსკოპებთან შედარებით ყველაზე მაღალი გარჩევის უნარი (2 – 50A) აქვს. მასიური, ელექტრონებისათვის გაუმჭვირი ობიექტების შესასწავლად ჩვეულებრივ იყენებენ ემისიურ ელექტრონულ მიკროსკოპებს; მათში გამოსახულებას იღებენ ნიმუშიდან ამოფრქვეული ელექტრონების მეშვეობით (გარჩევის უნარი 200 – 300A), რომლებიც ნიმუშის გახურების, განათების ან იონებით დაბომბვის პროცესში გამოიყოფა. რასტრული ანუ გამშლელი ელექტრონული მიკროსკოპი საშუალებას იძლევა აწარმოონ კვლევა ელექტრონებისათვის გაუმჭვირი და გამჭვირვალე ობიექტებისა, რომლებისკენაც მიმართავენ ელექტრონების წვრილ კონას; უკანასკნელი უწყვეტად შემოურბენს ობიექტის ზედაპირის უბანს (გარჩევის უნარი ~200A). არეკვლითს ელექტრონულ მიკროსკოპში ობიექტის გამოსახულება ისეთი გაბნეული ელექტრონების მეშვეობით მიიღება, რომლებიც გაივლიან გამოსახულების გამადიდებელი ლინზების სისტმას (გარჩევის უნარი 300 – 500A). სარკული ელექტრონული მიკროსკოპით საკვლევი ნიმუშის ზედაპირთან ელექტრული პოტენციალის განაწილების სურათს იღებენ. ელექტრონებს არეკლავს არა უშუალოდ ობიექტი, არამედ მისი მაეკრანებელი ეკვიპოტენციური ზედაპირი (გარჩევის უნარი 1000A). საჩრდილებელ ელექტრონულ მიკროსკოპში ნიმუშზე მიმართავენ წვრილ ელექტრონულ ზონდს, რომელიც ობიექტისაგან დაშორებულ ეკრანზე იძლევა ობიექტის გადიდებულ ჩრდილოვან გამოსახულებას (გარჩევის უნარი – რამდენიმე ასეულ A – მდე). ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით შეიძლება ცალკეული ატომური სიბრტყეების გამოსახულების, აგრეთვე ლითონებსა და შენადნობებში დისლოკაციური სურათების, კრისტალური სტრუქტურის შესწავლა. 60 – იანი წლების ბოლოს ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით მიღებულ იქნა დიდი მოლეკულების ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანდა ზოგიერთი ატომის განლაგება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა