ემულსია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ემულსია – (ლათ. emulsus – გამოწველილი; პირველი შესწავლილი ემულსია იყო რძე), ორი ერთმანეთში შერეული სითხისაგან შედგენილი დისპერსიული სისტემა, სადაც ერთი (დისპერსიული ფაზა) განაწილებულია მეორეში (დისპერსიულ გარემოში). ამის მაგალითია საგზაო ემულსია – ბიტუმის ან კუპრის ნარევი წყალთან, იყენებენ ღორღიანი ან ხრეშიანი გზების დასაფარავად და მათ დასამუშავებლად. ფოტოგრაფიული ემულსია – კოლოიდურ ხსნარში (უმთავრესად ჟელატინისა) ვერცხლის ჰალოგენიდების შუქმგრძნობიარე მიკროკრისტალების ტივტივარი; თხელი ფენით დააქვთ მინის, ფირის ან ქაღალდის ფუძეშრეზე, რომელიც გაშრობის შემდეგ ფოტომასალის შექგრძნობიარე შრეს წარმოქმნის. ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ემულსიებია რძე, კაუჩუკოვანი მცენარეების რძეწვენი, ნავთობი და სხვ. ემულსიებს იყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ პროცესში (მაგ., მარგარინის, საღებავების, სინთეზური ლატექსისა და სხვათა წარმოებაში). ემულსია ფარმაციაში რძისებრი სითხე, წყლისა და ზეთოვანი სითხის ნარევი. მის დასამზადებლად იყენებენ ცხიმოვანი ზეთით მდიდარ მცენარეულ თესლს ან თვით ცხიმოვან ზეთს, ბალზამს, ფისს, ქაფურსა და სხვ. ემულსია ფერწერაში ტემპერისა და ემულსიური გრუნტის შემკვრელი მასალაა. [“1”] ემულსია – ორი ერთმანეთში არახსნადი სითხის ნარევი. ასეთ ნარევში ერთი სითხე მეორეში შეტივტივებულია წვრილი მარცვლების სახით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა