ეპიდემიური პაროტიტი, ყბაყურა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპიდემიური პაროტიტი, ყბაყურა – . ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევი – დნმ შემცველი ვირუსი, რომელიც პარაზიტობს სანერწყვე ჯირკვლების ეპითელიუმის უჯრედებში. ეპიდემიოლოგია. დაავადება გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით დაავადებულებისაგან, რომლებიც განსაკუთრებით გადამდებნი არიან ინკუბაციური პერიოდის დასაწყისიდან დაავადების მე – 9 დღის ჩათვლით. აღინიშნება დაავადების სეზონურობა (უპირატესად მარტი – აპრილი). ხშირად ავადდებიან ბავშვები. პათოგენეზი. ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსიდან ორგანიზმში შეღწევის შემდეგ, ვირუსი, ლიმფური გზებით, აღწევს ყბა-ყურა ჯირკვლებს. დაავადებას თან სდევს ვირუსემია, რის გამოც შესაძლებელია სხადასხვა გართულებების განვითარება. სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი 11 – 19 დღე. დაავადების დასაწყისში აღინიშნება უმნიშვნელო შეციება, სხეულის ტემპერატურის სწრაფი მომატება 39 – 40 გრადუსამდე, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა. 2 დღის შემდეგ დაზიანების მხარეს (მარცხნივ ან მარჯვნივ) ვითარდება ყბა-ყურა ჯირკვლის შეშუპება. თავდაპირველად შეშუპება შეიმჩნევა ყურის ნიჟარის წინ, შემდგომ ის ვრცელდება უკან და ქვეშ (ქვედა ყბის კუთხეზე), ამასთან ყურის ბიბილო ოდნავ გამობურცულია, მის უკან განლაგებული ორმო (ჩაღრმავება) – ამოვსებული. ხელის შეხებით ჯირკვალი მტკივნეულია. კანი გადიდებულ ჯირკვალზე გადაჭიმულია, მბზინვარეა და ლაპლაპებს. ღეჭვის და ყლაპვის დროს, დაზიანებულ მხარეზე აღინიშნება მტკივნეულობა. 1 – 2 დღის შემდეგ დიდდება მეორე ჯირკვალიც, ავადმყოფის სახე ღებულობს მსხლისებურ ფორმას. (,,ყბაყურა’’). დაავადების კეთილთვისებიანად მიმდინარეობის დროს ცხელების პერიოდი გრძელდება 3 – 4 დღე, თუმცა მძიმე შემთხვევებში, სუსტ ბავშვებში და ყბა-ყურა ჯირკვლების ორმხრივი დაზიანებისას, ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6 – 7 დღე. შემთხვევათა უმეტესობაში, დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია, თუმცა იშვიათად იგი შეიძლება გართულდეს სეროზული მენინგიტით ან მენინგოენცეფალიტით, პანკრეატიტით, ვაჟებში და მამაკაცებში  –  ორქიტით. შესაძლებელია სახის ნერვის პარეზი, რომელიც განიცდის გადიდებული სანერწყვე ჯირკვლით ზეწოლას. დიაგნოზი. დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემებისა და კლინიკური სურათის საფუძველზე. აუცილებელია ბაქტერიული წარმოშობის ჩირქოვანი პაროტიტებისგან დიფერენცირება. პროფილაქტიკა. დაავადებულების იზოლაცია არანაკლებ 9 დღე. საბავშვო დაწესებულებებში, სადაც იყო ეპიდემიური პაროტიტის შემთხვევები, ცხადდება 21 დღიანი კარანტინი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა