თირკმლის ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმლის ტუბერკულოზი – (ქირურგ.) ტუბერკულოზის მიკობაქტერიების გადატანა ხდება ჰემატოგენური გზით რომელიმე სხვა კერიდან. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში პროცესი ვრცელდება თირკმლის მენჯზე, შარსაწვეთებზე და შემდეგ დაღმავალი გზით შარდის ბუშტზე. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში ავადმყოფები უჩივიან ყრუ ტკივილებს წელის არეში, საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლილობას, მადის დაკარგვას, ცუდ ძილიანობას. პროცესის პროგრესირებისა და თირკმლებში მორფოლოგიური ცვლილებების განვითარების პარალელურად ზემოთაღნიშნულ მოვლენებს ემატება შარდის გამოყოფის საკმაოდ დამახასიათებელი დარღვევები. შარდვა რამდენადმე ხშირდება, შარდში ჩნდება ალბუმინურია, პიურია, მოგვიანებით ჰემატურია. შარდის რეაქცია ჩვეულებრივ მჟავე რჩება, ცილინდრები არ ვლინდება. თირკმლის გამომყოფი ფუნქცია ქვეითდება, რისი განსაზღვრაც ხდება ცისტოსკოპიის დროს ი/ვ ინდიგოკარმინის სინჯით. ამ დროს, ასევე, დაზიანებული თირკმლის შარდსაწვეთის გარშემო, ადრევე შეიძლება ტუბერკულოზური ამობურცულობების აღმოჩენაც. მკურნალობა ხანგრძლივია და ტარდება ანტიტუბერკულოზურ საავადმყოფოში, ხოლო შემდგომ სანატორიუმში. ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით კომბინირებული თერაპიის უეფექტობის და მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ცვლილებების დროს ნაჩვენებია ოპერაცია – თირკმლის ნაწილის რეზექცია ან მისი მთლიანად მოცილება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook