თირკმელზედა ჯირკვლის კიბო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თირკმელზედა ჯირკვლის კიბო – განასხვავებენ თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდებიან ქერქოვანი და ტვინოვანი შრეებიდან. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ლოკალიზდება ადენომები გლუკოკორტიკოიდების ან ალდოსტერონის მომატებული სეკრეციით, ხოლო ტვინოვან შრეში – ფეოქრომოციტომა, რომელიც ახდენს ადრენალინისა და ნორადრენალინის პროდუცირებას. ავთვისებიანი სიმსივნეები (კორტიკოსტერომა, ფეოქრომობლასტომა, ნეირობლასტომა), ისევე როგორც ადენომები, შეიძლება იყვნენ სეკრეტირებადი და არასეკრეტირებადი. თირკმლეზედა ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში დაწვრილებითი ანამნეზის, ბიოქიმიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ანგიოგრაფიას. საკმაოდ ძნელია განვასხვავოთ კეთილთვისებიანი სიმსივნე ავთვისებიანისაგან მორფოლოგიური ანალიზის დროსაც კი. ორივე ვარიანტში სიმსივნეს გააჩნია კაფსულა. ავთვისებიანობის ნიშნებია: კაფსულისა და სისხლძარღვების ინვაზია, სიმსივნის დიდი ზომა, დამახინჯებული რეაქცია დექსამეტაზონის ტესტზე. ავთვისებიანი სიმსივნეები მიდრეკილნი არიან რეციდივებისადმი, მეტასტაზები ვლინდება პარააორტალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში, ძვლებში. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის კიბო და ადენომა იწვევენ კუშინგის სინდრომს. სისხლში აღინიშნება კორტიზოლის მაღალი დონე, შარდში – კეტოსტეროიდების მნიშვნელოვანი ექსკრეცია. კიბოს დროს სიმსივნე დიდი ზომისაა, კორტიზოლის სეკრეცია მცირედ ითრგუნება დექსამეტაზონის მიღების შემდეგ. ალდოსტერომა წარმოადგენს მცირე ზომის სიმსივნეს (2 სმ – ზე ნაკლები); ვლინდება კალიუმის დაკარგვით და ნატრიუმის შეკავებით, არტერიული წნევის მომატებით, წყურვილით, პოლიურიით, კუნთოვანი სისუსტით. ავთვისებიანი ალდოსტერომა იშვიათია, მისი ზომები ჩვეულებრივ მეტია 3 – 4 სმ – ზე. ფეოქრომოციტომა ვლინდება არტერიული წნევის მომატებით, მძიმე კრიზებით და სწრაფად განვითარებული გართულებებით (რეტინოპათია, სისხლჩაქცევა თავის ტვინში და სხვ.) ადრენალინის, ნორადრენალინის დონე სისხლში და მათი მეტაბოლიტების შარდში მაღალია. შემთხვევათა 10 – 15% – ში ფეოქრომოციტომა ვითარდება ორივე მხარეს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა