იადასინ – ლევანდოვსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იადასინ – ლევანდოვსკის სინდრომი – (J. Jadassohn, გერმ. დერმატოლოგი; F. Lewandowsky, გერმ. დერმატოლოგი; სინ.: პაქიონიქია თანდაყოლილი, შეფერის სინდრომი, სიმენსის მრავალფორმული კერატოზი) მემკვიდრეობითი მონოგენური დეფექტი, რომელიც ვლინდება ფრჩხილების დაზიანებით, კანის კეროვანი კერატოზით, ლორწოვანი გარსების ლეიკოკერატოზით. კლინიკური სიმპტომები წარმოიქმნება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის პირველი 3 – 5 წლის მანძილზე. ძირითადი და განსაკუთრებით ადრეული ნიშანია პაქიონიქია ხელისა და ფეხის თითებზე; ამასთან ფრჩხილის ფირფიტები გასქელებული, გამაგრებული, მოყვითალო – ყავისფერი შეფერილობის, ცილინდრული ფორმისაა. კერატოზის უბნები ვითარდება ფეხისგულებზე, ხელისგულებზე, ასევე თითების წვეროებზე და სხვ. კეროვანი ჰიპერკერატოზები განლაგებულია სიმეტრიულად, მკვეთრად შემოფარგლულია, ფეხისგულზე მტკივნეული ბუშტუკების წარმოქმნით. ლეიკოკერატოზის კერები ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანში; ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება დაფის აპკის კერატოზული ცვლილებები, ასევე თვალის რქოვანას, საცრემლე არხების დაზიანება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა