იმპეტიგო

იმპეტიგო – (კანისა და ვენ. დაავ.) სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება. ხშირად ვითარდება ბავშვებში; მოზრდილებში ჩვეულებრივ ხდება მამაკაცების დასნებოვნება წვერის პარსვის დროს; არც თუ იშვიათად ვითარდება როგორც სხვა დაავადებების (კანის ქავილი და ა.შ.) გართულება. განასხვავებენ იმპეტიგოს სხვადასხვა ფორმას: სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვულგარული (შერეული). სიმპტომები. სტრეპტოკოკური იმპეტიგო ხასიათდება სხეულის ღია ზედაპირებზე მცირე ზომის ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც შეიცავენ ღია ფერის, თანდათანობით ამღვრევად შიგთავსს; ისინი სწრაფად სკდებიან, შიგთავსი შრება და გარდაიქმნება ქარვისფერ ქერქებად. ამ უკანასკნელთა მოცილების შემდეგ ჩნდება ღია წითელი ფერის ეროზიული ზედაპირი, რომელიც გარშემორტყმულია მოცილებული გარქოვანებული შრის არშიით სტაფილოკოკური იმპეტიგოს დროს ცხიმოვან – თმოვანი ფოლიკულების გასავლებში ჩნდება ბარდას მარცვლების ზომის პუსტულები. შიგთავსი შრება და გარდაიქმნება კონუსი ფორმის ქერქად. ვულგარული იმპეტიგო უხშირესად ვლინდება სახის, იშვიათად – სხეულის და კიდურების კანზე. რეგიონალური ლიმფური კვანძები პალპაციით მტკივნეულია და რამდენადმე შესიებული. ზედაპირული პიოდერმია, რომელიც ხასიათდება პუსტულების წარმოქმნით, მათი შემდგომი გამოშრობითა და ქერქის განვითარებით.(2)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი