კარდიოცერებრული სინდრომი

კარდიოცერებრული სინდრომი

კარდიოცერებრული სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკური სურათი, გართულებები, დიაგნოსტირება >>>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

კარდიოცერებრული სინდრომი – თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც აღინიშნება გულის პათოლოგის დროს და გამოწვეულია ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებით.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

კარდიოცერებრული სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნორმაში გულის სრულყოფილი მუშაობა უზრუნველყოფს თავის ტვინის ადექვატურ სისხლმომარაგებას და მის ნორმალურ ფუნქციონირებას. გულის მოქმედების დარღვევები ხშირად განაპირობებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებს სხვადასხვა ნევროლოგიური, კარდიოცერებრული სინდრომის განვითარებით.

შედარებით ხშირად ვითარდება კარდიოცერებრული სინდრომი მიოკარდის ინფარქტის დროს, რომლის მწვავე პერიოდშიც პათოგენეზში წამყვანია  ჰემოდინამიკური ფაქტორები, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გულის ღრუებში წარმოიქმნება კედლისმიერი თრომბები იქმნება თრომბოემბოლიის საფრთხე, რაც თავის მხრივ ინსულტის მიზეზი შეიძლება გახდეს. პირველ შემთხვევაში თავის ტვინის იშემიასა და ჰიპოქსიას განაპირობებს არტერიული წნევის  ვარდნა, გულის დარტყმითი და წუთმოცულობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით. დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია იშემიის ხანგრძლივობაზე.

რაც შეეხება თრომბოემბოლიას, ვითარდება  მიოკარდის ინფარქტის ჩამოყალიბებიდან  3-7 დღეზე და იწვევს მწვავე კეროვანი სიმპტომატიკას, რომლის ხასიათიც დამოკიდებულია ემბოლით დახშული სისხლძარღვის ლოკალიზაციაზე. თრომბოემბოლია მოსალოდნელია პოსტინფარქტული ნაწიბურების, მოციმციმე არითმიის, ენდოკარდიტის და გულზე ოპერაციების დროს.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად, გულის რეცეპტორებიდან პათოლოგიური იმპულსაციის წარმოქმნის გამო, რაც იწვევს ტვინის სისხლძარღვების სპაზმსა და სტაზს. ეს მექანიზმი ხშირად გვხვდება მარცხენა პარკუჭის წინა კედლის ინფარქტის დროს. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს კარდიოგენური შოკი, რომლის ფონზეც აპოპლექტიფორმულად  ვითარდება ცერებრული  სიმპტომატიკა.

იშვიათად იშემიიასთან ერთად აღინიშნება სისხლჩაქცევა, ძირითადად ვენური ხასიათის, რაც ვითარდება მცირე ვენების თრომბოზის დროს, მცირე დიაპედეზური სისხლჩაქცევების შერწყმა მსხვილი ჰემორაგიული კერის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

კარდიოცერებრული სინდრომი – კლინიკური სურათი

ცერებრული სიმპტომატიკა მიოკარდის ინფარქტის დროს ვლინდება ზოგად ტვინოვანი ნიშნებით (თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა, თვალებში დაბნელება), არცთუ იშვიათად ვითარდება აგზნებადობა მოუსვენრობით, ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია დროსა და გარემოში.  დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით აღინიშნება კეროვანი სიმპტომატიკა პარეზების სახით, მეტყველების დარღვევა, ჰემიანოფსია, ეპილეპსიური შეტევები. რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ჰემიპარეზი  (უპირატესად ზემო კიდურებში), თუ პათოლოგიური პროცესი აღინიშნება თავის ტვინის დომინანტურ ნახევარსფეროში (მემარჯვენეებში მარცხენა ჰემისფერო), შესაძლოა დაერთოს მეტყველების დარღვევა. შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ნევროლოგიური სიმპტომები  გარდამავალ ხასიათს ატარებს, თუმცა ავადმყოფთა 10%-ში კეროვანი ნიშნები მდგრადია, ძირითადად ხანდაზმულ პირებში, რომელთაც თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი აღენიშნებათ.

იმ შემთხვევაში, როდესაც წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის  დაზიანების ნიშნები, შესაძლოა მიოკარდის ინფარქტი მისთვის დამახასიათებელი სუბიექტური სიმპტომების (ტკივილი, ქოშინი, სიკვდილის შიში) და არტერიული წნევის დაქვეითების  გარეშე მიმდინარეობდეს, ასეთ დროს  ინფარქტის დიაგნოსტირება მხოლოდ ელექტროკარდიოგრაფიის მეშვეობით ხდება.

ცერებრული პაროქსიზმები გულის წასვლის სახით, გენერალიზებული ეპილეპსიური  შეტევები და ზოგჯერ კეროვანი სიმპტომებიც კი აღინიშნება მორგან – ადამს – სტოქსის სინდრომის დროს  და გულის კუნთში გამტარებლობის სხვა დარღვევებისას. ხშირად ვითარდება ემოციური და ფიზიკური გადატვირთვისას.

კარდიოცერებრულ სინდრომთან ერთად აღწერილია ცერებროკარდიალური სინდრომიც, რომლის დროსაც გულის პათოლოგია განპირობებულია თავის ტვინის პირველადი დაზიანებით. ჩვეულებრივ ცვლილებები ვლინდება ეკგ -ზე, უფრო ხშირად დიფუზური, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება მიოკარდის პირველადი დაზიანების გამორიცხვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..