კიუმელის დაავადება

კიუმელის დაავადება – (H. Kummell, გერმ. ქირურგი; სინ.: ტრავმული სპონდილიტი, კიუმელ – ვერნეის დაავადება) ხერხემლის დაავადება, რომელიც ვლინდება ერთ  –  ერთი მალის სოლისებრი დეფორმაციით და ლოკალური ტკივილებით. კიუმელის დაავადების მიმდინარეობა მოიცავს სამ სტადიას. ხერხემლის ტრავმის შედეგად ვლინდება ამა თუ იმ ინტენსივობის ლოკალური ტკივილები გულმკერდის ნაწილში, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღის მანძილზე. განსხვავებით მალის კომპრესიული მოტეხილობისაგან, ეს ტკივილი არ იწვევს ,,სუნთქვის შეკვრის” შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია კომპრესიული მოტეხილობისათვის. 1 – 2 კვირის შემდეგ ტკივილი ქრება და ავადმყოფობა გადადის მეორე, ლატენტურ სტადიაში, როდესაც არავითარი ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები ხერხემლის მხრივ არ აღინიშნება. ეს სტადია შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვის, ზოგჯერ წლის განმავლობაში, რის შემდეგაც იწყება მესამე სტადია. ყოველგვარი მიზეზის გარეშე ან განმეორებითი ტრავმის შედეგად კვლავ ვლინდება პირველ სტადიაში აღნიშნული ტკივილების ანალოგიური ტკივილი; ხერხემლის გულმკერდის ნაწილი უმოძრაოა, ფორმირდება უმნიშვნელო რკალისებრი კიფოზი, ზოგჯერ კიფოსკოლიოზი.


Share this...Share on Facebook
Facebook