ლიმფოციტოზი მწვავე ინფექციური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფოციტოზი მწვავე ინფექციური – (lymphocytosis; ლიმფოციტები +  – osis) ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, ლეიკოციტოზითა და ჰიპერლიმფოციტოზით სისხლში და ძვლის ტვინში. დაავადების გამომწვევია ლიმფოტროპული ვირუსი, რომელიც ხახის ან კუჭ – ნაწლავის ლორწოვანიდან ლიმფური ნაკადით ხვდება უახლოეს ლიმფურ კვანძებში და ლოკალიზდება რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის უჯრედებში. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 – დან 21 დღემდე. დაავადების დასაწყისში აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება სუბფებრილურ ციფრებამდე, ზედა სასუნთქი გზების კატარი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მწვავე (გრიპისმაგვარ) დასაწყისს ზედა სასუნთქი გზების გამოხატული კატარით; ხშირად დაავადება რთულდება პნევმონიით. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოები და სისტემები, რაც განსაზღვრავს დაავადების ფორმას: 1. ადენოპათური, რომელიც ხასიათდება კისრის ლიმფური კვანძების, ნუშურების, ელენთის ზომიერი გადიდებით; 2. ნერვული ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება მენინგიტის ან ენცეფალიტის ნიშნები; 3. კანის ფორმა –  ხასიათდება წითელასმაგვარი ან ქუნთრუშასმაგვარი გამონაყრით; 4. აბდომინური ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება ტკივილები მუცელში ან ენტერიკოლიტის მოვლენები. დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი კეთილსაიმედოა; კლინიკური მოვლენები გრძელდება 4 – 5 დღის მანძილაზე, იშვიათად 10 – 14 დღემდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook