კეროვანი პნევმონია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კეროვანი პნევმონია – ფილტვების ანთება, რომელიც ხასიათდება ფილტვის ქსოვილის შემოსაზღვრული ნაწილის ანთებითი დაზიანებით. დაავადება ხშირად უვითარდება დასუსტებულ პირებს, რომლებიც ავად არიან სხვა დაავადებით, აგრეთვე ოპერაციისა და ტრამვის შემდეგ. არც თუ იშვიათად, მას წინ უძღვის სასუნთქი გზების კატარული ანთების ნიშნები ფილტვის ქსოვილზე ინფექციის გავრცელებით (ამიტომაც დაავადებას ასევე ეწოდება ბრონქოპნევმონია). დაავადების გამომწვევია სხვადასხვა მიკროორგანიზმები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, ვირუსები და ა.შ.). სიმპტომები მრავალფეროვანია, ზოგჯერ დამოკიდებულია იმ ძირითადი დაავადების ხასიათზე, რომლის ფონზეც განვითარდა პნევმონია. რიგ შემთხვევებში უარესდება მხოლოდ ზოგადი მდგომარეობა და დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად. ხშირად აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა მცირე რაოდენობის ნახველით, ქოშინი. ანთების გულმკერდის ზედაპირთან ახლოს ლოკალიზაციის შემთხვევაში, გამოკვლევით შესაძლებელია განისაზღვროს პერკუტორული ხმიანობის უმნიშვნელო შემოკლება, იქვე მოისმინება წკრიალა წვრილბუშტუკოვანი ხიხინები. სისხლის ანალიზში აღინიშნება მცირე ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. რენტგენოლოგიური კვლევით, ფილტვის ქსოვილში, შეიძლება აღინიშნებოდეს სხვადასხვა სიდიდის, ინტენსივობისა და ლოკალიზაციის ინფილტრატი. ამ უკანასკნელის ფილტვის ფესვთან ახლოს განლაგების შემთხვევაში, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა