კეფალოჰემატომა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კეფალოჰემატომა – (ახალშობილებში) სისხლის დაგროვება ქალას თაღის სხვადასხვა ნაწილებში. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს გახანგრძლივებული მშობიარობა, ასევე ჰიპოქსია. ჰემატომა ხშირად ლოკალიზდება თხემისა და თხემ – კეფის არეში, ერთ ან ორივე მხარეზე. ჰემატომა შეიძლება იყოს მცირე ზომის, ან აღწევდეს მნიშვნელოვან ზომებს (30 მლ მოცულობით და მეტი). მიდრეკილნი არიან ზრდადობისაკენ პირველ საათებში და დაბადებიდან 2 – 3 დღის განმავლობაში. დროთა განმავლობაში ხდება ჰემატომის გაწოვა, შენადედების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომში განიცდის ორგანიზაციას. მათში კალციუმის მარილების ჩალაგების შედეგად ვითარდება ჰემატომის ოსიფიკაცია, რაც იწვევს ქალას დეფორმაციას. ჰემატომის ოსიფიცირებლი ნაწილი აწვება თხემის ძვლის შიგნითა ფირფიტას, იწვევს მის ატროფიას; ჰემატომის თხიერი ნაწილი გაიწოვება. დიდი ზომის ჰემატომების გაწოვის დროს ბავშვის მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს. ამასთან, ახალშობილებში ჰეპატოციტების არასაკმარისი კონიუგაციური უნარის გამო, სისხლში ბილირუბინის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რის გამოც ვითარდება სიყვითლე, ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები. დიდი ზომის ჰემატომების დროს შესაძლებელია ანემიის განვითარება. მცირე ზომის ჰემატომები გაიწოვება თავისთავად და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. დიდი ზომის ჰემატომების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: მე – 8 – 10 დღეზე მას ხსნიან და იღებენ შიგთავსს; პროგნოზი კეთილსაიმედოა. – სისხლჩაქცევა ქალას თაღის ძვლების ძვლისსაზრდელას ქვეშ; წარმოიქმნება ახალშობილებში სისხლძარღვის გასკდომის შედეგად და ვლინდება რბილი სიმსივნის სახით, უფრო ხშირად თხემის ძვლის არეში. ჩვეულებრივ, გაივლის სპონტანურად, შედეგების გარეშე, რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა