კოლაგენური დაავადებები

კოლაგენური დაავადებები – (კოლაგენოზები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები) ხასიათდებიან სხვადასხვა ორგანოების შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით. მორფოლოგიურად ეს დაავადებები განსხვავდებიან განსაკუთრებული ანთებითი გამოვლინებებით ვასკულიტების, ფირინოიდული ნეკროზის განვითარების ფონზე. დამახასიათებელია პროცესში სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ჩათრევა (კანი, კუნთები, სახსრები, თირკმლები, ფილტვები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტი, გული და სხ.). ამის გარდა შეიძლება აღინიშნებოდეს ზოგადი სიმპტომები ცხელების, წონაში დაკლების სახით, ცვლილებები ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ, ყველაზე ხშირად ედს – ის მომატება. დაავადების მიმდინარეობა, სინდრომები და კლინიკური გამოვლინებები სხვადასხვა დაავადებებისას, ძალიან ვარიაბელურია. ამ დაავადებების პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ პროცესებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, ხოლო უკანასკნელ წლებში ვირუსულ ინფექციას. კოლაგენოზებს მიეკუთვნება სისტემური წითელი მგლურა (იხ.), სისტემური სკლეროდერმია (იხ.), დერმატომიოზიტი (იხ.), კვანძოვანი პერიარტერიიტი (იხ.). გარდა ამისა ამ ჯგუფს აკუთვნებენ ზოგიერთ სხვა დაავადებას, რომელთაც გააჩნიათ ზემოთჩამოთვლილი პათოლოგიების მსგავსი სიმპტომები: რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, რევმატიზმი და ა.შ. მიუხედავად მრავალი საერთო ნიშნისა, განსხვავებები აღნიშნულ დაავადებებს შორის მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკური გამოვლინებების, ასევე მკურნალობის კუთხით. უფრო დაწვრილებით მათი ეტიოლოგია, სიმპტომატიკა და მკურნალობა განხილულია ცალ – ცალკე.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.