ლევკოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლევკოციტები – ლეიკოციტები (ლევკო… და ბერძნ. kytos – სათავსი, აქ – უჯრედი). ადამიანისა და ცხოველების სისხლის უფერო (”თეთრი”) უჯრედები. ლევკოციტების სახელით გაერთიანებულია სტრუქტურულად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული ბირთვიანი უჯრედები, რომლეიც არ შეიცავენ სასუნთქავ პიგმენტს (ჰემოგლობინს ან ჰემოციანინს) და თავის ფუნქციებს სისხლგამტარი ძარღვების გარეთ (ქსოვილებში) ასრულებენ (შდრ. ერითროციტები). ლევკოციტების რაოდენობა იცვლება სახეობრივი კუთვნილების, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, პათოლოგიური პროცესების და სხვ. ფაქტორების შესაბამისად (ლევკოციტების სიჭარბეს ლევკოციტოზი ეწოდება, ნაკლებობას – ლევკოპენია). ადამიანის 1 მლ სისხლში 5 – 8 ათ. ლევკოციტებია (დაბადებისას ნორმაა 12,5 ათ., 10 წლის ასაკისათვის იკლებს). ლევკოციტების უმეტესობა (75% – მდე) ციტოპლაზმაში სპეციფიკურ მარცვლებს – მარცვლოვან ლევკოციტებს ანუ გრანულოციტებს შეიცავს. მათ შორის ასხვავებენ ნეიტროფილებს (ყველა ლევკოციტების 65 – 70%), ეოზინოფილებს (2 – 4%) და ბაზოფილებს (0 – 1%). სისხლში აღინიშნება აგრეთვე ახალგაზრდა ჩხირბირთვიანი ფორმები და ზოგჯერ მათი საწყისი უჯრედები – მიელოციტებიც. დანარჩენი 2 სახის ლევკოციტების – ლიმფოციტებსა (20 – 30%) და მონოციტებს (6 – 8%) აერთიანებენ უმარცვლო ლევკოციტების ანუ აგრანულოციტების სახელით, თუმცა მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ლევკოციტების წარმოქმნა (ლევკოპოეზი) უმთავრესად ძვლის წითელ ტვინში ხდება, თუმცა მათი ნაწილი (ლიმფოციტები) სხვა ორგანოებშიც (ელენთა, ლიმფური კვანძები და სხვ.) წარმოიქმნება. ლევკოციტების საერთო რაოდენობისა და მათი ცალკეული ფორმების თანაფარდობის კონსტანტურობა სისხლში შეადგენს ე. წ. ლეიკოციტურ ფორმულას, რომელიც ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი კლინიკური კრიტერიუმია. ლ. ნათაძე [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა