ლიმფოგრანულომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური სისტემის პირველადი სიმსივნური დაავადება, რომელსაც თან სდევს ლიმფური კვანძების, იშვიათად ელენთისა და სხვა ორგანოების გადიდება. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად დაავადების პირველ ნიშნებს მიაკუთვნებენ ლიმფური კვანძების გადიდებას, განსაკუთრებით კისრის და ლავიწზედა მიდამოში, უპირატესად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები მკვრივია, მოძრავნი, ელასტიურები, არ არიან შეხორცებულნი კანთან, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მტკივნეულნი. ავადმყოფთა 1/5 – ში უპირველესად იზრდება შუასაყრის ლიმფური კვანძები, რომელიც შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს ფლუროგრაფიით. ზოგ ავადმყოფში, დაავადება თავიდანვე შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელებით, ღამე ოფლიანობით, წონაში სწრაფი დაკლებით. ცხელება დაავადების სხვა ფორმების მნიშნელოვანი სიმტომიცაა, ამასთან ერთად ხანგრძლივად მიმდინარე ნორმალური ტემპერატურა პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს ტემპერატურის მომატებით. დამახასიათებელია კანის ქავილი, ზოგჯერ აუტანელი. სისხლში აღინიშნება ზომიერი ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, იშვიათად ეოზინოფილია, ედს – ის მომატება. დაავადების პროგრესირებისას ვითარდება ანემია და კახექსია. დაავადება ხასიათდება მრავალფეროვანი მიმდინარეობით, რაც დაკავშირებულია ნებისმიერ სხვა ორგანოში ლიმფოიდური ქსოვილის ჩაზრდით. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლიმფური კვანძის ბიოფსიით, სადაც ნახულობენ დამახასიათებელ ბერეზოვსკი – შტენბერგის მრავალბირთვიან გიგანტურ უჯრედებს. ხანგრძლივად მიმდინარეობისას, ლომფოგრანულომატოზის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს თირკმლის ამილოიდოზი, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ქრონიკულ ურემიამდე. (იხ.).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა