ლუმბოიშალგია

ლუმბოიშალგია – (ლათ. lumbus – წელი) ტკივილის სინდრომი: ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ფეხში. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ, ვერტებროგენურ და არავერტებროგენურ ლუმბოიშალგიას. ვერტებროგენური ხშირად დაკავშირებულია ხერხემლის ოსტეოქონდროზთან, იშვიათად სპონდილიტთან, სიმსივნესთან, ოსტეოპოროზთან და სხვ. იგი შესაძლებელია იყოს რეფლექტორული და ფესვური. რეფლექტორულისათვის დამახასიათებელია მუდმივი, ყრუ ხასიათის ტკივილი, რომელიც იშვიათად ჩამოდის მუხლის სახსრის ქვევით. ფესვურისათვის დამახასიათებელია ინტენსიური, გამჭოლი ხასიათის ტკივილი, რომელიც ირადირებს ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში. არავერტებროგენური ლუმბოიშალგია შესაძლებელია განპირობებული იყოს მიოფასცილური სინდრომით, ფიბრომიალგიით, მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებით, საჯდომი ნერვის ნევროპათიით, ასევე ფსიქოგენური ფაქტორებით.