მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი) – ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება მშობიარობიდან 1 – 2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვევით, მეტეორიზმი, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. მუცლის ქვედა ნაწილში პალპირდება მოსაზღვრე ღარი, რომელიც შემოფარგლავს ანთებით პროცესს მენჯში. საშოსმხრივი გამოკვლევით თავდაპირველად აღინიშნება საშოს უკანა თაღის მკვეთრი მტკივნეულობა. ბოლო დღეებში მკაფიოდ პალპირდება ექსუდატი, რომელიც გამობერავს საშოს უკანა თაღს გუმბათისებურად. მკურნალობა. მკაცრი წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე; ტკივილგამაყუჩებელი, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ვენაში წვეთობრივად გლუკოზის 5% – იანი ხსნარი (1000 – 1500 მლ), ვიტამინები, საგულე საშუალებები. საშოს უკანა თაღის გამობერვისას და ექსუდატის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაგროვებისას  – კოლპოტომია და დრენირება. მწვავე მოვლენების ჩაცხრომის შემდეგ – ფიზიოთერაპია და კურორტული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook