მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და ენის პროცესში ჩართვისას წარმოიქმნება დიზართრია და ყლაპვის დარღვევა. ჰიპერკინეზებთან ერთად დამახასიათებელია კუნთოვანი ჰიპოტონია, მყესთა რეფლექსების დაქვეითება. ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ფსიქიკის დარღვევები, ასევე ვეგეტატიური დარღვევებიც. უმრავლეს შემთხვევაში ჰიპერკინეზი სპონტანურად რეგრესირდება 3 – 6 თვის განმავლობაში. შემდგომში შესაძლოა აღინიშნოს დაავადების რეციდივები. ცალკეულ შემთხვევებში ავადმყოფებს, რომელთაც გადაიტანეს მცირე ქორეა, აღენიშნებათ მეტყველების დარღვევა, მოუხერხებელი მოძრაობები, ტრემორი, ტიკები, აკვიატებული მდგომარეობები, დეპრესია. ჰიპერკინეზის შესამცირებლად ნიშნავენ ბენზოდიაზეპინებს ან ბარბიტურატებს. უფრო რთულ შემთხვევებში იყენებენ ნეიროლეპტიკებს. ყველა ავადმყოფს, რომელთაც გადაიტანეს მცირე ქორეა, 5 წლის განმავლობაში ენიშნებათ ბიცილინოთერაპია, რომელიც ამცირებს გულის მანკისა და ქორეის რეციდივების განვითარებას. 2.  (ნერვ. დაავ.) რევმატული ენცეფალიტი ქერქქვეშა კვანძების უპირატესი დაზიანებით. ხშირად ავადდებიან სკოლის ასაკის ბავშვები. ბავშვი აფორიაქებულია, გაღიზიანებული, კაპრიზული, ჩნდება გრიმასები, კიდურებში იძულებითი მოძრაობები, რომლებიც ქრება ძილის დროს. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ანტირევმატიული საშუალებები, ბრომიდები, ვალერიანი, დიმედროლი, სუპრასტინი, კალციუმის ქლორიდი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..