მწვავე ურემია (თირკმლის მწვავე უკმარისობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე ურემია (თირკმლის მწვავე უკმარისობა) – ხასიათდება შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის მწვავე დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების მომატებით, წყალ – ელექტროლიტური თანაფარდობის და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. მწვავე ურემია უვითარდებათ ავადმყოფებს, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა გენეზის შოკი, თირკმლების ტოქსიკური დაზიანება მწვავედ მიმდინარე ინფექციების, კერძოდ სეფსისური აბორტების, აგრეთვე შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას, კუნთების ტრავმული დაბეჟილობებისას, უროლოგიური დაავადებებისას, რომლებიც იწვევენ შარდის გამომყოფი გზების დახშობას. თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომები ვითარდება ძირითადი დაავადების კლინიკური გამოვლინების ფონზე (ინტოქსიკაცია, ინფექცია, შოკი). ავადმყოფებს უვითარდებათ ანურია ან ოლიგურია (დღე – ღამეში 300 – 400 მლ – ზე ნაკლები შარდის გამოყოფა). ვლინდება საერთო სისუსტე, მადის გაქრობა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, უძილობა, კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, ტაქიკარდია. ზოგიერთ ავადმყოფს უვითარდება ანემია, მწვავე ფსიქოზი. სისხლში სწრაფად იზრდება ნარჩენი აზოტის, კრეატინინის, ინდიკანის, კალიუმის დონე. ეკგ – ზე აღინიშნება ჰიპერკალიემიის ნიშნები, არითმიები. ოლიგურიის პერიოდის შემდეგ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 5 – 10 დღე, შარდის რაოდენობა თანდათანობით იზრდება 2 – 4 ლიტრამდე და მეტი დღე – ღამეში (პოლიურია). პოლიურიის პერიოდი შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღე, რასაც მივყავართ ორგანიზმის გაუწყლოვნებამდე, ნატრიუმის, კალიუმის დაკარგვამდე გულ – სისხლძარღვთა პათოლოგიის ნიშნებით. ამასთან ერთად აზოტემია შესაძლოა უფრო მკვეთრად გამოვლინდეს და მიაღწიოს საკმაოდ მაღალ ხარისხს. შემდგომში ვითარდება თირკმლების ფუნქციების თანდათანობითი აღდგენა სრული გამოჯანმრთელებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა