ნაადრევი სქესობრივი განვითარება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაადრევი სქესობრივი განვითარება – სქესობრივი მომწიფება გოგონებში 8 წლისა და ბიჭუნებში 10 წლის ასაკამდე. ეტიოლოგია, პათოგენეზი. პათოლოგიური პროცესების დროს ჯალღუზისებრ ჯირკვალში, ჰიპოთალამუსის მიდამოში ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემაში ვითარდება ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებს ცვლილებებს ნორმალური სქესობრივი მომწიფების დროს და იწვევს ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს სქესობრივ განვითარებას და იძლევა პრეპუბერტული და პუბერტული პერიოდების იმიტაციას. გონადების სიმსივნეების, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნეების ან მათი დისფუნქციის დროს ვითარდება ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება: გონადოტროპინების სეკრეცია არ ძლიერდება, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ან გონადების სიმსივნეებით გამოწვეული სასქესო ჰორმონების ჭარბი პროდუქცია არ შეესაბამება იმ ცვლილებებს, რაც დამახასიათებელია ნორმალური პრეპუბერტული ან პუბერტული პერიოდისათვის, გონადები რჩებიან ინფანტილურები. გოგონებში ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება შესაძლოა იყოს ჰეტეროსექსუალური – ადრენოგენიტალურ სინდრომის დროს ან იზოსექსუალური – საკვერცხეების სიმსივნეების დროს, ბიჭუნებში – იზოსექსუალური. სიმპტომები. ზრდის დაჩქარება და სხეულის მასის მომატება, სქესობრივ მომწიფებაში თანატოლების გასწრება. გოგონებში – სარძევე ჯირკვლების გადიდება, ბოქვენზე თმიანობის გაჩენა, სისხლიანი გამონადენი საშოდან, საშვილოსნოს, დანამატების გადიდება, პრეპუბერტულ ან პუბერტულ პერიოდთან შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება რეგულარული მენსტრუაციები. ბიჭუნებში – გარეთა სასქესო ორგანოების გადიდება, თმიანობის გაჩენა ბოქვენსა და სახეზე, ერექციები, პოლუციები. ვლინდება სისხლძარღვოვანი ქსელის გაძლიერება; ჩონჩხის დიფერენცირება დაჩქარებულია. ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა იწვევს ტანდაბლობას. შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომები: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, ბულიმია, პოლიდიფსია, თვალის მამოძრავებელი ნერვების დაზიანების სიმპტომები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..