ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა – შეიძლება იყოს ობტურაციული და სტრანგულაციური. ობტურაციული გაუვალობის დროს ადგილი აქვს ნაწლავის სანათურის გაჭყლეტას, ჯორჯალის და მის სისხლძარღვების კომპრესიის გარეშე: სიმსივნე, განავლოვანი კენჭები, ნაწლავის გაჭყლეტა გარედან თირკმლის ან გინეკოლოგიური ორგანოების სიმსივნით. სტრანგულაციური გაუვალობის დროს გარდა ნაწლავის სანათურების გაჭყლეტისა, ადგილი აქვს ჯორჯალის სისხლძარღვების კომპრესიას, რაც განაპირობებს სისხლმიმოქცევის დარღვევას, შემდეგში კი ნაწლავის კედლის ნეკროზს და პერიტონიტის განვითარებას. სტრანგულაციური გაუვალობის დროს უფრო გამოხატულია ტკივილის სინდრომი, რომელსაც აქვს მუდმივი ხასიათი პერიოდული შეტევებით. სტრანგულაციის ტიპიური მაგალითია – ნაწლავის გაჭყლეტა თიაქრის ჩაჭედვის დროს. შერეული ხასიათის ნაწლავთა გაუვალობა წარმოიქმნება ნაწლავის ინვაგინაციის დროს. შეხორცებადი ნაწლავური გაუვალობა შეიძლება იყოს როგორც ობტურაციული, ასევე სტრანგულაციური. განასხვავებენ მაღალ და დაბალ ნაწლავურ გაუვალობას. მაღალი გაუვალობის დროს კლინიკურ სურათში პრევალირებს ღებინება, შეჩერებული შიგთავსით; დაავადების პირველ საათებში შესაძლებელია თავისთავადი დეფეკაცია, გაზების გამოდენა. მასიური ღებინება იწვევს მნიშვნელოვან წყალ – ელექტროლიტურ დარღვევებს, რაც ზოგჯერ შესაძლოა გახდეს ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი. დაბალი გაუვალობის დროს პირველი სიმპტომია დეფეკაციის და გაზების გამოდევნების არარსებობა. ბოყინი და ღებინება შეგუბებითი შიგთავსით ვლინდება მხოლოდ დაავადების მე – 3 – 4 დღეზე. გაუვალობის დროს ნაწლავის კედლის ნეკროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს, როგორც უშუალოდ სისხლმიმოქცევის დარღვევით სტრანგულაციის დროს, ასევე ნაწლავის კედელში სისხლმიმოქცევის დაქვეითებით სანათურის შიგა წნევის მომატების შედეგად. ნაწლავის სანათურში წნევის მომატებისას 60 სმ. წყ. სვ – ზე ზევით მთლიანად წყდება სისხლმიმოქცევა ლორწქვეშა სისხლძარღვოვან წნულებში, რისი შედეგიცაა ნაწლავის ნეკროზი. ნაწლავური გაუვალობის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზის მონეცემებით, ასევე ობიექტური გამოკვლევის და რენტგენოლოგიური მონაცემებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..