ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ნაწოლი - (ქირურგ.) რბილი ქსოვილების კვდომა იმ ადგილებში, რომლებიც მდებარეობენ ჩონჩხის ამოწეულ ნაწილებს და საწოლის ზედაპირს შორის. აღნიშნული პათოლოგია აღენიშნებათ მისუსტებულ და მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ გაუნძრევლად, ერთი და იგივე მდგომარეობაში ყოფნა. უხშირესად ნაწოლები ვითარდება გავაზე, დუნდულოებზე, ქუსლებზე, ბეჭებზე, აგრეთვე მჭიდროდ მოჭერილი და არასწორად დადებული თაბაშირის ნახვევის შემთხვევაში. სიმპტომები, მიმდინარეობა. კანის განსაზღვრულ უბანზე ჩნდება მეტ – ნაკლებად მკვეთრი გაფერმკრთალება მოლურჯო ელფერით, ეპითელიუმის ზედაპირული შრეების აქერცვლა. კანის ზედაპირული შრეები სცილდება, ვითარდება პატარა, ზედაპირული წყლულები, შემდგომ კი ღრმა წყლულებიც. ნეკროზი მოიცავს ყველა დიდ უბანს, ამას თან ერთვის ადგილობრივი ინფექცია, აღინიშნება ინტოქსიკაციის მოვლენები. მკურნალობა. ავადმყოფის გულდასმით მოვლა. საწოლზე არ უნდა იყოს ნაკეცები და არასწორი ზედაპირი, ხოლო მატრასში გუნდები. წყალთან ერთად კამფორის სპირტით ან ოდეკოლონით იმ ადგილების ყოველდღიური დამუშავება, რომლებიც განიცდიან ზეწოლას. ავადმყოფებს ყოველ 2 საათში ერთხელ აბრუნებენ, უნიშნავენ აბაზანებს, მალამოს ნახვევებს, ზოგადგამაჯანსაღებელ მკურნალობას. 2. დისტროფული, წყლულოვან – ნეკროზული პროცესი, რომელიც ვითარდება მწოლიარეებში, დასუსტებულ ავადმყოფებში იმ ადგილებზე, სადაც რბილი ქსოვილები იჟეჟება საწოლის ზედაპირსა და შესაბამის ძვლოვან გამონაშვერს შორის.
გაფრთხილება! ბმულები: სვლაგეზების გვერდი - ,,ნაწოლი” …
Viewed 2925 times by 355 viewers


