ნეირორევმატიზმი

ნეირორევმატიზმი

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ნეირორევმატიზმი – (ნერვ. დაავ.) ნერვული სისტემის რევმატული დაზიანება. გამოყოფენ: 1) რევმოვასკულიტი, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა სახის დარღვევებით (სისხლძარღვების თრომბოზი, სუბარაქნოიდული სისხლლჩაქცევა, სისხლძარღვების ემბოლია); 2) რევმატული მენინგოენცეფალიტი (მცირე ქორეა – იხ., დიენცეფალიტი და სხვა ფორმები); 3) თავის ტვინის რევმატიზმი ეპილეფტიფორმული სინდრომით; 4) მწვავე და გახანგრძლივებული რევმატული ფსიქოზები; 5) რევმატული ნევრიტები; 6) რევმატული ენცეფალომიელიტი; 7) რევმატული მენინგომიელიტი. ნეირორევმატიზმისთვის დამახასიათებელია დაზიანების კერების სიმრავლე და მათი ხანმოკლეობა. სისხლძარღვოვანი ფორმები უხშირესად გვხვდება საშუალო და ხანში შესულ ასაკში, ენცეფალიტები – ბავშვებში.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ნეირორევმატიზმი ნერვული სისტემის ელემენტების რევმატული დაზიანებაა. რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული ხასიათის სისტემური დაავადება შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით, უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, თუმცა პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვა სისტემები და შინაგანი ორგანოები. დაავადება ხშირად იწყება  ანგინით, ზიანდება სახსრები, თავის ტვინი (მცირე ქორეა), გული (რევმოკარდიტი სარქვლების დაზიანებით ან მის გარეშე, მიოკარდიოსკლეროზი). ნერვული სისტემის დაზიანება რევმატიზმის დროს მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება ტვინოვანი რევმოვასკულიტი, მცირე ქორეა.

ნეირორევმატიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

დადგენილია ნეირორევმატიზმის განვითარებაში A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკის როლი. რევმატიზმის განვითარებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ალერგიას, თუმცა განვითარების მექანიზმის კონკრეტული ეტაპები არაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ მასენსიბილიზირებელი აგენტები (სტრეპტოკოკი, სხვადასხვა  ვირუსი, არასპეციფიური ალერგენები და ა. შ.) იწვევენ აუტოანტიგენების წარმოქმნას და აუტოიმუნური პროცესის განვითარებას. მნიშვნელოვან როლს რევმატიზმის განვითარებაში თამაშობს მემკვიდრული წინასწარგანწყობა.

თავის ტვინის რევმატული დაზიანებისათვის დამახასიათებელია ნერვული უჯრედების ცვლილებები, წვრილი სისხლჩაქცევები და  სეროზულ-პროდუქტიული პროცესები თავის ტვინის რბილ ნივთიერებაში.

ნეირორევმატიზმი – კლინიკური სურათი

ნერვული სისტემის რევმატული დაზიანებიდან პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია მხოლოდ მცირე ქორეას. დაავადება ვითარდება ჩვეულებრივ  7-15 წლის ასაკში, უფრო ხშირია გოგონებში. მცირე ქორეის რევმატულ ბუნებაზე მიუთითებს მისი მჭიდრო კავშირი სახსროვან რევმატიზმთან, ენდოკარდიტთან და ტონზილიტთან.

დაავადების სიმპტომები ვითარდება თანდათანობით. დაავადება იწყება გრიმასებით, დაბნეულობით, რაც ხშირად მშობლებისა და მასწავლებლების  მიერ აღიქმება ცელქობად, მოგვიანებით ვლინდება ხელების, სახის, სხეულის კუნთების უწესრიგო მოძრაობები. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კიდურების პარეზი, შეუძლებელია სიარული და დგომა, პროცესში საღეჭი კუნთების, ენის კუნთების ჩართვის შედეგად ირღვევა მეტყველება.

მცირე ქორეის დროს როგორც მძიმე ისე მსუბუქი ფორმების დროსაც კი აღინიშნება ბავშვის ფსიქიკის ცვლილებები: მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება, ვითარდება მშიშარობა, გულგრილობა, შეინიშნება უმიზეზო სიცილი და ტირილი.

ნევროლოგიური სიმპტომებიდან თითქმის ყოველთვის აღინიშნება მცირე ქორეისათვის დამახასიათებელი გორდონის რეფლექსი, რაც მდგომარეობს შემდეგში: მუხლის რეფლექსის გამოწვევისას წვივი დიდხანს კავდება გაშლილ მდგომარეობაში და  არ უბრუნდება საწყის პოზიციას, ისე როგორც ეს ხდება ნორმაში. მცირე ქორეაზე მიუთითებს ასევე შემდეგი ცდა, რომლის შესრულებაც არ ძალუძს ავადმყოფ ბავშვს – ერთდროულად ენის გამოყოფა დ თვალების მოჭუტვა. მცირე ქორეა იშვიათად სრულდება ლეტალურად. დაავადება მეტნაკლებად სერიოზულია, რადგანაც ხშირად ახლავს თან გულის დაზიანება ენდოკარდიტის სახით. მცირე ქორეა შესაძლოა განმეორდეს. მისი ხანგრძლივობა 1-3 თვეა, მძიმე შემთხვევებში  კი მეტიც.

ნეირორევმატიზმი – ორსულთა ქორეა

ქალები, რომლებიც ბავშვობაში მორეციდივე  ქორეით  ავადმყოფობდნენ, უნდა ახსოვდეთ, რომ  ორსულობის პერიოდში, ჩვეულებრივ IV-V თვეს დაავადება კვლავ შეიძლება გამოვლინდეს. ორსულთა ქორეა ზოგჯერ იმდენად მკვეთრადაა გამოხატული, რომ ორსულობის შეწყვეტა ხდება საჭირო, მეორე ნახევარშიც კი. აღნიშნული მძიმედ გადასატანია მომავალი დედისათვის და შესაძლოა გახდეს ძლიერი ფსიქიკური ტრავმის მიზეზი. ამიტომაც მსგავს შემთხვევებში წინასწარ უნდა მოხდეს გაფრთხილება ამის შესახებ როგორც ავადმყოფის, ისე მისი მშობლების ინფორმირება და რჩევის მიცემა, რომ არ მოხდეს დაორსულება.

>>>> რევმატული დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..