ნეკრობაცილოზი

ნეკრობაცილოზი

ნეკრობაცილოზი, ნეკრობაცილოზი – ეტიოლოგია, ნეკრობაცილოზი – ეპიდემიოლოგია,  ნეკრობაცილოზი – პათოგენეზი, ნეკრობაცილოზი – კლინიკურის სურათი და მიმდინარეობა, ნეკრობაცილოზი – დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ნეკრობაცილოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერიის განსაკუთრებული სახე – Fusodacterium necrophorus. დასნებოვნება ხდება შინაურ ცხიველებთან კონტაქტისას. გამომწვევის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება წყლული, მატულობს სხეულის ტემპერატურა. შესაძლებელია სეპტიური მიმდინარეობა ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავის დაზიანებით. მკურნალობა – ანტიბიოტიკოთერაპია.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ნეკრობაცილოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ნეკროზული ცვლილებები, გენერალიზირებული ფორმის დროს კი  აღინიშნება შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.

ნეკრობაცილოზი – ეტიოლოგია

ნეკრობაცილოზის გამომწვევია Bacterium necrophorum – პოლიმორფული, ანაერობული, უმოძრაო ჩხირი, არ წარმოქმნის სპორებსა და კაფსულას, იღუპება გაცხელებისას, გამოშრობისას და სადენზიფექციო საშუალებებით ზემოქმედებისას. დიდხანს ძლებს ცხოველების ფეკალურ მასებში. მგრძნობიარეა პენიცილინის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდების მიმართ.

ნეკრობაცილოზი – ეპიდემიოლოგია 

ნეკრობაცილოზი ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა შინაურ ცხოველებში, როგორც მანიფესტირებული, ისე ჯანმრთელი ბაქტერიამტარებლობის ფორმით. ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტისას ან მეცხოველეობის პროდუქტების გამოყენებისას. ადამიანებში ნეკრობაცილოზის მცირე გავრცლება განპირობებულია აღნიშნული ინფექციისადმი ბუნებრივი მდგრადობით.

 ნეკრობაცილოზი – პათოგენეზი

ინფექციის კარს წარმოადგენს კანზე, პირის ღრუსა და ნაწლავებეის  ლორწოვანზე არსებული წვრილი დაზიანებები. შეჭრის ადგილას წარმოიქმნება ნეკროზული ცვლილებები, გამომწვევი ვრცელდება ჰემატოგენური გზით და იწვევს სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას.

ნეკრობაცილოზი – კლინიკური სურათი და მიმდინარეობა

ნეკრობაცილოზი ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-8 დღემდე. დაავადება იწყება ინფექციის შეჭრის ადგილას ანთებითი ცვლილებებით, თავდაპირველად კანზე აღინიშნება მსხვილი ლაქა (10 მმ -ზე მეტი დიამეტრის მქონე), მალევე ლაქის ცენტრში წარმოიქმნება კანის ზედაპირიდან წამოწეული, მრგვალი ფორმის პაპულა, პაპულის ცენტრში კი ვეზიკულა, რომლის გახსნისას ყალიბდება წყლული ნეკროზული, შავი ფერის ფსკერით. კანი ირგვლივ ჰიპერემირებულია და შეშუპებულია,  ვითარდება რეგიონალური ლიმფადენიტი. ამ დროისათვის უკვე მატულობს სხეულის ტემპერატურა – 39-400-მდე, აღინიშნება  ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. ნეკროზული უბანი ფართოვდება,  წყლულიდან გამოიყოფა ჩირქოვან-ნეკროზული ექსუდატი. ჰემატოგენური დისემინაციისას ვითარდება ანაერობული სეფსისის მძიმე სურათი, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით, ვლინდება ართრიტები, პნევმონია, ფილტვის, ღვიძლის აბსცესები, ნაწლავის პერფორაცია, პერიტონიტი და სხვა. შესაძლოა განვითარდეს ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, თრომბოჰემორაგიული სინდრომი.

ნეკრობაცილოზი – დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი

ნეკრობაცილოზი იშვიათი გავრცელება და სიმპტომატიკის მრავალფეროვნება აძნელებს მის ამოცნობას კლინიკური სურათის საფუძველზე. აუცილებლია დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარება  წითელ ქართან, ციმბირის წყლულის კანის ფორმასთან, სხვა ეტიოლოგიის სეფსისთან. საბოლოო დიაგნოზი დასტურდება გამომწვევის გამოყოფით (ნათესი, ბიოლოგიური სინჯი თეთრ თაგვებზე – შეყვანის ადგილას ვითარდება ნეკროზული ცვლილებები, საიდანაც ხდება ნაცხის აღება)

ნეკრობაცილოზი კანის ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზირებული, სეპტიური ფორმის დროს კი სერიოზული.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..