ნეფროზული სინდრომი

ნეფროზული სინდრომი

ნეფროზული სინდრომი, ნეფროზული სინდრომის ეტიოლოგია, ნეფროზული სინდრომის მკურნალობა >>>

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ნეფროზული სინდრომი – თირკმლების დაზიანება, რომელიც გამოიხატება შეშუპებებით და ლაბორატორიული მაჩვებებლების ცვლილებებით. ამასთან ერთად ადგილი აქვს სისხლის შრატში ცილების რაოდენობის შემცირებას, ძირითადად ალბუმინების ხარჯზე, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის გაზრდას, შარდში ცილების გამოჩენას, როგორც წესი მნიშვნელოვანი რაოდენობით. ნეფროზული სინდრომი შეიძლება იყოს ნეფრიტის, ამილოიდოზის, თირკმლების სიმსივნეების, სისტემური წითელი მგლურას, დიაბეტური გლომერულოსკლეროზის, თირკმლის ვენების თრომბოზის შედეგი. არც თუ იშვიათად ნეფროზული სინდრომის განვითარება მიანიშნებს გაურკვეველი წარმოშობის თირკმლის პათოლოგიაზე. მის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმში იმუნოლოგიურ და მეტაბოლურ დარღვევებს. სინდრომები. ავადმყოფების უმეტესობას აღენიშნებათ ფეხების შეშუპება, რომლებიც ხშირად ვითარდება თანდათანობით, იშვიათად მწვავედ – 1 – 3 დღეში. შეშუპების მომატებას მოჰყვება ასციტის, ჰიდროთორაქსის, ანასარკის და ჰიდროპერიკარდიტის განვითარება. ცილების შემცველობა შარდში აღწევს 30 – 40 გ/ლ – ს, მაშინ როცა დღეღამური პროტეინურია არის 50 გ – მდე; ნალექში – თირკმლის ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ცილინდრები (ჰიალინური და სხ.), სისხლის შრატში საერთო ცილა შეიძლება შემცირდეს 30 – 40 გ/ლ – მდე, ძირითადად ალბუმინების შემცველობის შემცირების ხარჯზე. დამახასიათებელია ცილის ფრაქციების შეფარდების ცვლილებები, განსაკუთრებით ალფა – 2 – გლობულინების გაზრდა. სისხლში იზრდება ქოლესტერინის და ლიპიდების სხვა ფრაქციების შემცველობა. ლაბორატირიული მაჩვენებლების დინამიკა საშუალებას იძლევა შედარებით ადრე შევაფასოთ ნეფროზული სინდრომის განვითარება, მაშინ როცა შეშუპებები ძირითადად ვითარდება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე და უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულებია ლიპოპროტეინემიის გამოვლინებებთან.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ნეფროზული სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც ვითარდება თირკმლის გორგლებისა და მილაკების დაზიანებისას. ხასიათდება სისხლის შრატში ცილების კონცენტრაციის შემცირების ფონზე შარდში მისი  მნიშვნელოვანი მომატებით. ასეთი მდგომარეობა განაპირობებს  ზოგადი შეშუპების განვითარებასა და ორგანიზმის სხვადასხვა ღრუებში თავისუფალი სითხის დაგროვებას.

ურემიის მსგავსად, ნეფროზული სინდრომი დამოუკიდებელ დაავადებას არ წარმოადგენს, არამედ თირკმლების სხვადასხვა პათოლოგიის  შედეგია. ნეფროზული სინდრომის მიზეზი შესაძლებელია გახდეს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ჰეროინის ინტრავენური ინექცია და სხვა.

ნეფროზული სინდრომისათვის დამახასიათებელია: შეუძლოდ ყოფნა, მადის დაკარგვა, ქუთუთოების შეშუპება, ზოგადი ცომისებრი შეშუპება, ქოშინი, კუნთოვანი ატროფია, შარდის მოცულობის შემცირება, რიგ შემთხვევებებში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები, თანმხლები ლიპიდური ცვლის დარღვევა (ჰიპერლიპიდემია, ჰიპერქოლესტერინემია); როგორც წესი არ ახლავს თან არტერიული წნევის მატება.

ნეფროზული სინდრომი – მკურნალობა

ნეფროზული სინდრომის მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს გამომწვევი მიზეზის მოცილებას, ცილების დეფიციტის შევსებას ალბუმინის შეყვანით, ასევე შესაბამისი დიეტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ადვილად ათვისებად ცილებს  ან მათი სინთეზისათვის საჭირო კომპონენტებს. მნიშვნელოვანი შეშუპების დროს გამოიყენება შარდმდენი საშუალებები დოზების ინდივიდუალური შერჩევით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები