ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი – (ლათ. [nervus] opticus მხედველობის ნერვი + ბერძ. Chiasmos ჯვრისებრი განლაგება) თავის ტვინის ქსლისებრი და სისხლძარღვოვანი გარსის და ტვინის ნივთიერების განაპირა ზონების დიფუზური, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ტვინის ბაზალურ ცისტერნებში, მხედველობის ჯვარედინში და მხედველობის ნერვებში უპირატესი მორფოლოგიური ცვლილებებით. მხედველობის ჯვარედინისა და მხედველობის ნერვების დაზიანება წარმოადგენს წამყვან სიმპტომს დაავადების კლინიკურ სურათში. ყველაზე უფრო ხშირად ოპტოქიაზმური არაქნოიდიტის წარმოშობა უკავშირდება მწვავე რესპირატორული დაავადების ან გრიპის შედეგად განვითარებულ ცხვირის ირგვლივი წიაღების ჩირქოვან ან კატარალურ ანთებას. ეტიოლოგიური მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქრონიკულ ტონზილიტს, ოტიტს, ქალა – ტვინის ტრავმას, იშვიათად ზოგად ქრონიკულ ინფექციებს; ავადდებიან უპირატესად მამაკაცები. კლინიკურ მიმდინარეობაში განასხავებენ ორ სტადიას – მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე სტადია შეესაბამება ლეპტომენინგიტს და მხედველობის ნერვის ნერვიტს. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, ირადიაციით თვალის კაკალში, წარბზედა მიდამოში; მკვეთრად ქვეითდება მხედველობა ორივე თვალში, ირღვევა ფერადი ობიექტების აღქმა; მწვავე სტადია გრძელდება 3 – 4 თვის მანძილზე. ქრონიკული სტადია ხასიათდება მხედველობის ნერვის პროგრესირებადი პოსტნევროზული ან პირველადი ატროფიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook