ოსტეოქონდროპათია

ოსტეოქონდროპათია – (osteochondropathia; ბერძ. Osteon ძვალი + chondros ხრტილი + pathos ავადმყოფობა; სინ.: ძვლის ასეპტიკური ნეკროზი, ოსტეოქონდროლიზი) ძვალ – სახსროვანი აპარატის რიგი დაავადებები, რომელიც გვხვდება უპირატესად ბავშვობისა და ყმაწვილობის ასაკში; მიმდინარეობს სტადიებად და ვლინდება ჩონჩხის სუბქონდრალურად მდებარე ზოგიერთი უბნის ასეპტიკური ნეკროზით, მათი კომპრესიითა და ფრაგმენტაციით. დაავადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ძვლის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ასეპტიკური ნეკროზის განვითარება გარკვეულ უბნებში. ოსტეოქონდროპათიის მიმდინარეობა, როგორც წესი ხანგრძლივია (2 – 3 წელი). გამოყოფენ 3 ფაზას: ნეკროზის ფაზა, დეგენერაციულ – პროდუქტიული ფაზა, ანუ ფრაგმენტაციის ფაზა და გამოსავლის ფაზა. პირველ ფაზაში ავადმყოფები უჩივიან დაღლილობას, გაურკვეველ ტკივილებს; ჩნდება ლოკალური ტკივილები, კოჭლობა (ქვედა კიდურების დაზიანების დროს), შემდგომში ვითარდება ძვლის ნეკროზული უბნის კომპრესია. მეორე ფაზაში ტკივილები ძლიერდება, რომელიც შესაძლებელია ფაზის ბოლოს გაქრეს, მაგრამ კიდურის ფუნქცია არ აღდგება. მესამე ფაზაში აღინიშნება აღდგენითი პროცესი ან მადეფორმირებელი ართროზის განვითარება და ტკივილების განახლება. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა; კიდურის ფუნქციის აღდგენა დამოკიდებულია დროულად დაწყებულ მკურნალობაზე.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


Share this...Share on Facebook
Facebook