მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მომატებას, მოტორული ფუნქციის რეგულარული დარღვევების შედეგად ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. დივერტიკულებში განავლოვანი მასების შეჩერება იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და გარემომცველ ქსოვილებზე. დივერტიკულიტს შესაძლოა თან ახლდეს ლორწოვანი გარსის დაწყლულება (სისხლდენა) ან დივერტიკულის პერფორაცია. შედეგადც მოსალოდნელია პერიტონიტი, ნაწლავის ირგვლივი ანთებითი ინფილტრატები. მწვავე პროცესის ჩაქრობის შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილთა მასიური ნაწიბუროვანი ცვლილებები, რომლებიც განაპირობებენ ნაწლავის სტრიქტურების წარმოქმნას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დივერტიკულოზს დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია არ ჰქონდეს არანაირი კლინიკური გამოვლინება ან მიმდინარეობდეს კოლიტის სახით; შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მწვავე დივერტიკულიტის დროს აღინიშნება მკვეთრი ტკივილი, პერიტონეალური მოვლენები, მტკივნეული ინფილტრატები უპირატესად მუცლის მარცხენა ნახევარში, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, არაიშვიათად დიზურია. დიაგნოზი გართულებულია; დაზუსტება ხდება ირიგოსკოპიით, ასევე კოლონოსკოპიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება სიგმოიდური ნაწლავი. დივერტიკულოზის დროს მწვავე მოვლენები მიდრეკილნი არიან რეციდივებისაკენ. მკურნალობა უპირატესად კონსერვატულია და მიმართულია კუჭის მოქმედების ნორმალიზაციისაკენ და სპასტიკური და ანთებითი ცლილებების მოხსნისაკენ. სისხლდენისას ნაჩვენებია ჰემოსტატიკური თერაპია; ოპერაცია ტარდება მხოლოდ პროფუზული სისხლდენის დროს. პროგნოზი ავადმყოფთა უმრავლესობაში სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, მაგრამ დაავადება ყოველთვის პროგრესირებს და რიგ ავადმყოფებში იწვევს სერიოზულ გართულეებს. ქირურგიული ჩარევას ხშირად თან ახლავს გართულებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა