მწვავე გასტრიტი

მწვავე გასტრიტი – ჩვეულებრივ დაკავშირებულია საკვებში მოხვედრილი მავნე პროდუქტების შედეგად განპირობებულ ტოქსიკოინფექციებთან, იშვიათად მისი განვითარება დაკავშირებულია პრეპარატების მიღებასთან, საკვები პროდუქტებისადმი ალერგიასთან. დაავადება, როგორც წესი იწყება მწვავედ, ზოგჯერ ძალიან მძაფრადაც. ადგილი აქვს თავის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნას, დისპეფსიურ დარღვევებს, გულისრევას, ღებინებას, ტკივილს ფერდქვეშა მიდამოში. დაავადება ხშირად მთავრდება გამოჯანმრთელებით 1 – 2 დღეში. მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება შემცივნება, ცხელება, განმეორებითი ღებინება, კუჭის მოქმედების დარღვევა, ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი ადინამიით და კოლაფსით. მჟავებით და ტუტეებით მოწამვლისას, გასტრიტი ხასიათდება კუჭის კედლის ღრმა ნეკროზული ცვლილებებით, რომელთაც თან ახლავს პირის, ტუჩების და საყლაპავის ლორწოვანი გასრების დამწვრობა. ავადმყოფები უჩივიან მკვეთრ ტკივილებს დამწვრობის ადგილას, აღინიშნება ინტოქსიკაციის მოვლენები შოკის განვითარებამდეც კი. ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ეროზიული გასტრიტის განვითარებას, როგორც ჩვეულებრივი გასტრიტის ერთ – ერთი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია კვების დარღვევასთან. ამასთან ერთად, რიგ შემთხვევებში, ამონაღებ მასებთან ერთად, შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის მინარევი. თუმცა აღნიშნული გასტრიტი ზოგჯერ შესაძლოა მიმდინარეობდეს თითქმის უსიმპტომოდ, ხოლო მისი აღმოჩენა ხერხდება მხოლოდ გასტოსკოპიის დროს და ავადმყოფის დისპანსერიზაციისას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი