ოსტეომიელოფიბროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეომიელოფიბროზი – (ბერძ. Osteon ძვალი + myelos ძვლის ტვინი + ლათ. Fibra ბოჭკო + – osis; სინ.: მიელოფიბროზი, მიელოსკლეროზი, ოსტეომიელოსკლეროზი, მიელოიდური სპლენომეგალია, მიელოფიბროზი, ოსტეომიელოდისპლაზია)ნეოპლასტიკური მიელოპროლიფერაციული დაავადება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემაერთებელი ქსოვილის ადრეული რეაქტიული ზრდა ძვლის ტვინში (მიელოფიბროზი) და (ან) ძვლის ახალწარმონაქმნი (ოსტეომიელოსკლეროზით); მიელოფიბროზი არასპეციფიკური ნიშანია ოსტეომიელოფიბროზისა; იგი აღინიშნება, თუმცა გაცილებით იშვიათად, სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს: ერითრემიის, ქრონიკული მიელოლეიკოზის, ქრონიკული მეგაკარიოციტული მიელოზის, მწვავე ლეიოკოზებისა და ლიმფორპლიფერაციული დაავადებების და ვალდენსტრემის დაავადების დროს; ასევე ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, ძვლის ქსოვილში მეტასტაზებით. დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის. დაავადების ხშირი სიმპტომია ანემია, რომელსაც სხვადასხვა გენეზი აქვს. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ მრავალი თვისა და წლის განმავლობაში. ადრეულ სუბიექტურ სიმპტომს წარმოადგენს სისუსტე, სიმძიმის გრძნობა მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში; ობიექტური ნიშანია – სპლენომეგალია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემთხვევით; სპლენომეგალიას ხშირად თან ახლავს ანემია, თრომბოციტოპენია; ზოგიერთ ავადმყოფს უვითარდება გულის ფარული ან აშკარა უკმარისობა; დაავადების კლინიკური სურათი ხშირად განისაზღვრება ანემიით. ავადმყოფთა 15 – 20% – ს აღენიშნებათ ოსალგიები. ტერმინალურ პერიოდში აღინიშნება მკვეთრი გამოფიტვა, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება ინფექციებისადმი. სიცოცხლის ხანგრძლივობა დიაგნოზის დადგენიდან ვარირებს 4 – 5 წლიდან 20 – 30 წლამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა