პაპილომატოზი

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

პაპილომატოზი – – ლორწოვანი გარსის დვრილისებრი შრის ზრდა, რომელიც სცილდება ლორწოვანი გარსს და არღვევს მის კონფიგურაციას. 2. მრავლობითი პაპილომების განვითარება კანის რომელიმე უბანზე, ან ლორწოვან გარსზე.


♦ პაპილომავირუსის ტესტები ,,ამაზონზე” >> 


2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

პაპილომატოზი – კიბოსწინარე ინფექციური მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავლობითი დვრილისებრი, მეჭეჭების მსგავსი წარმონაქმნების არსებობა  სხეულზე, უპირატესად ლორწოვან გარსებზე. აღნიშნულ წარმონაქმნები იწოდება პაპილომებად– ლათ.papilla – დვრილი. დიდ უმრავლესობაში აღინიშნება გარეთა სასქესო ორგანოების დაზიანება.

პაპილომატოზი -ეტიოლოგია და პათოგენეზი

გამომწვევია პაპილომატოზის ვირუსი, პაპილომავირუსი. პაპილომატოზის ვირუსი გადაეცემა სქესობრივი გზით, ვერტიკალურად დედიდან ნაყოფს  ორსულობის პერიოდში, მშობიარობისას, ძუძუთი კვებისას. დღეისათვის არ გამორიცხავენ ვირუსის გადაცემას სისხლით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით.  მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა დაინფიცირების ძირითადი გზა უშუალო კონ­ტაქტია დაავადებულის სასქესო ორგანოებთან.

ორ­­­­განიზ­მში პაპილომატოზის ვირუსის მოხვედრისას მისი გავრცელება ხდება სისხლძარღვების მეშ­ვე­­ობით და აღწევს სასქესო ორგანოების, შორისისა და ანალური გასავლის  კანის უჯრედებში. 2-3 თვეში პაპილომატოზის ვირუსი  ცვლის უჯრედების დნმ-ს და იწყებს გამრავლებას, წარმოქმნის რა დაავადებისათვის დამახასიათებელ პაპილომებს.

პაპილომატოზი  –  პაპილომების სახეები

პაპილომატოზის ვირუსი განაპირობებს სხვადასხვა სახის  პაპილომების წარმოქმნას.

  • ჩვეულებრივი პაპილომები – გამკვრივებული კვანძები, ხორკლიანი ზედაპირით;
  • ბრტყელი პაპილომები – გლუვი კვანძები და წანაზარდები;
  • ჰიპერკერატოზული   პაპილომები – მკვრივი კვანძები გარქოვანებული ზედაპირით.

 ქალებში ასეთი წარმონაქმნები ძირითადად აღინიშნება მცირე და დიდ სასქესო ბაგეებზე, საშოს შესავალთან, შორისისა და უკანა გასავლის მიდამოში. „მომწიფებული“ პაპილომები მეწამული ან მკვეთრი წითელი შეფერილობისაა, შეხებისას მტკივნეული, დაზიანებისას კი ტოვებენ მცირე ზომის წყლულებს, რომლებიც ასევე ძლიერ  მტკივნეულია და ძნელად შეხორცებადი, ამასთან ხშირად თან ახლავს უსიამოვნო სუნი.

პაპილომების თავისთავად გაქრობა არ ხდება, აუცილებლია მათი მკურნალობა და სასურველია დაავადების საწყის ეტაპებზევე, რადგანაც პაპილომატოზის გართულებები კიდევ უფრო ძნელად  განკურნებადია, ვიდრე  თვითონ დაავადება.

პაპილომატოზის გართულებები

თუ პაპილომატოზის მკურნალობის დაწყება არ მოხდა დროულად პაპილომების რაოდენობა დღითი დღე გაიზრდება და საბოლოო ჯამში დაფარავს მთელი სასქესო ორგანოების ზედაპირს. საცვლების შეხებისას, სიარულისას ხახუნის შედეგად გამოიწვევა ძლიერი ტკივილი, „მომწიფებული“ პაპილომები სცილდება კანის ზედაპირს და ტოვებს წყლულოვან დეფექტს, საიდანაც მოსალოდნელია ინფექციის შეჭრა. გარდა ამისა გართულებები აღინიშნება არამხოლოდ გამონაყარის მიდამოში, არამედ მთელს ორგანიზმში. ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება ორგანიზმს იმუნური სისტემის  დაქვეითების გამო, რისი მიზეზიც პაპილომატოზის ვირუსია, შედეგად კი მრავალი სხვა ინფექციური დაავადება იჩენს თავს. მდგომარეობა მძიმდება თანხმლები ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობისას, განსაკუთრებით სასქესო სფეროს მხრივ. იშვიათ შემთხვევებში პაპილომის წარმოქმნის ადგილას შესაძლოა განვითარდეს  ავთვისებიანი სიმსივნე.

პაპილომატოზი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პაპილომატოზის მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის დნმ-ის აღმოჩენით ავადმყოფი ადამიანის სისხლში. ამისათვის საჭიროა პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენება. პარალელურად მიმდინარეობს სისხლის გამოკვლევა სხვა ვენერიული დაავადებებზე.

რადგანაც პაპილომავირული ინფექციის ერთერთი ძირითადი გართულება იმუნური სისტემის  მდგომარობის გაუარესებაა, აუცილებელია იმუნოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება და მკურნალობის კურსის შერჩევა

კონკრეტული პრეპარატები პაპილომატოზის ვირუსის სამკურნალოდ არ არსებობს.  მკურნალობა კომპლექსურია და  პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ეტაპად: პაპილომების მოცილება და ვირუსის დნმ-ს განადგურება. პაპილომების მოცილება რამდენიმე მეთოდით ხდება: თხევადი აზოტით, კონცენტრირებულ მჟავაზე დამზადებული აპარატით, ლაზერული სხივების კონის მეშვეობით, მაღალსიხშირული გამოსხივებით, ყველა მათგანი საკმარისად ეფექტური და უსაფრთხოა. მეორე ეტაპი იმუნომაკორეგირებელი თერაპიის კურსია, ორგანიზმის იმუნური სისტემის   გაძლიერების მიზნით.

სამწუხაროდ, პაპილომატოზის ვირუსის საბოლოოდ გამოდევნა არ ხდება სისხლძარღვოვანი სისტემიდან, ყოველთვის არსებობს რეციდივის რისკი. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, რომ გაცილებით იოლია თავიდან ავიცილოთ დაინფიცირება, ვიდრე ვუმკურნალოთ დაავადებას.

პაპილომატოზი – პროფილაქტიკა

პაპილომავირუსული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებლია მხოლოდ პროფილაქტიკური ღონისძიებებით, რომელთა შორის მთავარი ადგილი უკავია ინტიმურ ჰიგიენას, გინეკოლოგთან რეგულარულ ვიზიტს, დაცულ სექსს  და ისეთი პარტნიორის შერჩევას, რომელიც ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე პარტნიორის ჯანმრთელობაზე. პაპილომავირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით დღეისათვის უკვე ტარდება ვაქცინაცია.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.